მოლდოვის ეროვნული ბანკი 2025 წლის 2 იანვრიდან მოლდოვური ლეისთვის ოფიციალური გაცვლითი კურსის დასადგენად აშშ დოლარის ნაცვლად საბაზისო ვალუტის სახით ევროს გამოიყენებს.
ამის შესახებ ბანკის განცხადებაში წერია.
ეროვნული ბანკის შეფასებით, „გადაწყვეტილება ასახავს მოლდოვის რესპუბლიკის ეკონომიკის ორიენტაციას ევროკავშირის ბაზრისკენ, რომელიც ქვეყნის კომერციულ და ფინანსურ სტრუქტურაში დომინანტურ როლს ასრულებს.”
ბანკში აცხადებენ, რომ აღნიშნული ცვლილება ევროსთან მიმართებაში მოლდოვის ლეის კურსის რყევებს, ასევე, ევროს ყიდვა-გაყიდვის კურსებს შორის სხვაობას შეამცირებს. ეს ეკონომიკას სარგებელს მოუტანს და სავალუტო ხარჯის შემცირებას ხელს შეუწყობს.
ევროკავშირი მოლდოვის ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი და ფულადი გზავნილების, ასევე, უცხოური ინვესტიციების მთავარი წყაროა. ოფიციალური მონაცემები აჩვენებს, რომ მოლდოვაში კომერციული ოპერაციების 60%-ზე მეტი და ფულადი გზავნილების 70%-ზე მეტი ევროში სრულდება. ეს ვალუტა ადგილობრივ სავალუტო ბაზარზე ყველაზე პოპულარულია.
ევროს, როგორც საბაზისო ვალუტის გამოყენება არის მეთოდოლოგიური გადაწყვეტილება, რომელიც მონეტარულ პოლიტიკაზე ეროვნული ბანკის ზემოქმედების გარეშე ევროკავშირის სტრუქტურებთან მოლდოვის ფინანსური სტრუქტურების შესაბამისობაში მოსაყვანად არის შექმნილი.
ბანკი დასძენს, რომ „მოქალაქეები და ეკონომიკური აგენტები ვერ იგრძნობენ პირდაპირ ზემოქმედებას, რადგან გადასვლა ტექნიკური ხასიათისაა და მაკროეკონომიკური ბალანსის შენარჩუნებას, ასევე, ევროსტანდარტებთან შესაბამისობას ისახავს მიზნად.”
ცნობისთვის: უკრაინის ეროვნულმა ბანკმა წლის დასაწყისში საჯაროდ პირველად დასვა საკითხი დოლარის ნაცვლად ევროზე გრივნის კურსის მიბმის შესახებ. შემდეგ მარეგულირებელმა განმარტა, რომ კლიენტების მიერ უნაღდო ვალუტის შეძენისას ტრანზაქციების წილი ევროში 50%-ს მიუახლოვდა და ბაზრის მონაწილეები ევროს მიმართ გრივნის საანგარიშო მნიშვნელობის ინდიკატორის გამოთვლას საჭიროებენ. ოქტომბერში უკრაინის ეროვნული ბანკი ამ ნაბიჯის პრაქტიკულ განხორციელებაზე გადავიდა, როცა გამოთვლებისადმი ახალი მიდგომისა და სავალუტო ბაზრის ინდიკატორების გამოქვეყნების პროექტი განსახილველად გამოიტანა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ