სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 6.8%-ით გაიზარდა - საქსტატი

2024 წლის ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.1 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინდექსმა 6.8 პროცენტით მოიმატა - ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის ანგარიშში.

ამასთან, სტატიოსტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის სექტემბერთან შედარებით ფასები 4.6 პროცენტით გაიზარდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც 0.3 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ფასები შემცირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე (-0.8 პროცენტი), რამაც -0.62 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების კლება კვების პროდუქტებზე (-3.5 პროცენტი).

გარდა ამისა, ფასების 2.1 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე,რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში 0.22 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:

  • სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 29.7 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 1.7 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების მატება ლითონის მადნებზე (35.9 პროცენტი);
  • დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 5.3 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 4.32 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: კვების პროდუქტები (6.6 პროცენტი) და ძირითადი ლითონები (11.8პროცენტი);
  • ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 4.4 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 0.54 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა;
  • წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 10.9 პროცენტით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.26 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა.