საქართველოში რუსული ხორბლის იმპორტი ისევ იზრდება - როგორია სტატისტიკა

მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა საიმპორტო გადასახადები გაზარდა, რუსეთმა ევროპაში მარცვლეულის, განსაკუთრებით კი ხორბლის მიწოდება, პრაქტიკულად, შეწყვიტა. Eurostat-ის მონაცემებით, სექტემბერში ევროკავშირის ქვეყნებში მხოლოდ 21 ათასი ევროს ღირებულების პროდუქცია შევიდა.

ამ დროს კი საქართველოში რუსული ხორბლის იმპორტი ისევ იზრდება. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის ბოლო იანვარ-ოქტომბრის მონაცემებით, საქართველომ რუსეთში 62.816 მლნ დოლარის ღირებულების 270 276 ტონა ხორბალი იყიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 40.5%-ით მეტია. 2023 წლის 10 თვეში ჩრდილოეთიდან 44.701 მლნ დოლარის ღირებულების 171 138 ტონა ხორბალი შემოვიდა.

რაც შეეხება 2023 წელს, შარშან 12 თვის განმავლობაში საქართველოში სულ 57.678 მლნ დოლარის ღირებულების 222 061 ტონა ხორბალი შემოვიდა, აქედან 56.244 მლნ დოლარის 217 546 ტონა რუსეთიდან.

ცნობისთვის: ევროკავშირში რუსულ და ბელარუსულ ტონა მარცვლეულზე 95 ევროს ოდენობის საიმპორტო გადასახადი, ხოლო ზეთოვან კულტურებსა და მათ გადამუშავებულ პროდუქტზე 50%-იანი გადასახადი მოქმედებს. ტარიფები ვრცელდება მარცვლეულზე, რომელიც ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანაში გამოსაყენებლად არის განკუთვნილი, ხოლო ბლოკის გავლით სხვა ქვეყნებში მარცვლეულის ტრანზიტს არ შეეხება.