ბიტკოინის ფასი 100 ათას დოლარიან ნიშნულს უახლოვდება

ბიტკოინის ფასმა მორიგ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კრიპტოვალუტის ფასი 97 ათას დოლარს გადასცდა, რაც მისი არსებობის ისტორიაში მაქსიმუმს შეადგენს.

ამ დროისთვის, (თბილისის დროით 11:50 საათზე) ის 97 113 დოლარი ღირს. Coinmarketcap-ის მონაცემებით, ბიტკოინის ამჟამინდელმა საბაზრო კაპიტალმა 1.93 ტრლნ დოლარი შეადგინა.

„ერთი წლის წინ ბიტკოინი 30 000 დოლარი ღირდა, დღეს კი მისი ფასი 97 000 დოლარამდე გაიზარდა, რაც 300%-ზე მეტი ზრდაა. ეს გამოწვეულია შეერთებული შტატების პრეზიდენტად დონალდ ტრამპის ხელახლა არჩევის შემდეგ მზარდი ოპტიმიზმით“, - განაცხადა Mudrex-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ედულ პატელმა.

ეკა დარჩიაშვილი