ბოლო ორი წლის განმავლობაში ფუფუნების საგნების, მათ შორის, ძვირადღირებული ღვინისა და პრემიუმ-ალკოჰოლური სასმელების შეძენა 50 მილიონზე მეტმა მომხმარებელმა შეწყვიტა. მიზეზად ინფლაციის ფონზე ამ პროდუქციის გაძვირება სახელდება.
ინფორმაციას The Drinks Business საკონსულტაციო კომპანია Bain & Company-ის ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს. ანგარიში ფუფუნების საგნების მწარმოებელ იტალიურ ასოციაცია Altagamma-სთან პარტნიორობით მომზადდა.
მასში წერია, რომ გასულ წელთან შედარებით, მიმდინარე წელს ზრდით ძვირადღირებული ბრენდების მხოლოდ მესამედი დაასრულებს. 2023 წელს ფინანსური მაჩვენებლების ზრდა კომპანიების ორმა-მესამედმა დააფიქსირა.
პროგნოზის მიხედვით, 2024 წელს ფუფუნების საგნებზე გლობალური ხარჯი წინა დონეზე, ანუ, დაახლოებით, 1,5 მლრდ ევროს ფარგლებში დარჩება. მიზეზი ის არის, რომ მომხმარებლები მაკროეკონომიკური გაურკვევლობისა და ფასების მუდმივი ზრდის წინაშე აღმოჩნდნენ, რის გამოც ისინი ფუფუნების საგნებზე ხარჯს ამცირებენ.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ