50.3 მლნ ლარი მხოლოდ სათამაშო აპარატებიდან -  რა თანხა შეაქვს აზარტულ ბიზნესს ხაზინაში მოსაკრებლის სახით

2024 წლის იანვარ-ოქტომბერში ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან და ასევე აზარტული თამაშების მოწყობის ნებართვიდან ჯამში 160.818 მლნ ლარი შევიდა, რაც 7.5%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2023 წლის 10 თვეში ბიუჯეტში ამ მუხლებიდან 149.597 მლნ ლარის აკუმულირება მოხდა - ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებში (კონსოლიდაციის გარეშე).

რაც შეეხება კონკრეტულად სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს, წელს ბიუჯეტში 113.780 მლნ ლარი შევიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 107.418 მლნ ლარი.

2024 წლის იანვარ-ოქტომბერში ბიუჯეტში შესული 160.818 მლნ ლარიდან თანხები პუნქტების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • სათამაშო აპარატებიდან - 50.292 მლნ ლარი
  • წამახალისებელი გათამაშებიდან - 4.136 მლნ ლარი
  • სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული ტოტალიზატორის თამაშობებიდან - 12.315 მლნ ლარი
  • სხვა არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი - 47.036 მლნ ლარი
  • კლუბის მაგიდიდან - 2.087 მლნ ლარი
  • სამორინეს მაგიდიდან - 44.815 მლნ ლარი
  • აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სალარო - 120.009 ათასი ლარი
  • სხვა დანარჩენი არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი - 12.787 ათასი ლარი

ზოგადად, აზარტული თამაშობები ეს ის ბიზნესია, რომელიც ყოველწლიურად მზარდია. იზრდება როგორც მოსაკრებლიდან ბიუჯეტში შესული თანხა, ასევე ამ ბიზნესის ბრუნვა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 63.994 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 11.647 მლრდ ლარით მეტია 2022 წელთან შედარებით. საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვის მოცულობა შეადგენდა 52.647 მლრდ ლარს. მთლიანად კი გასულ წელს სათამაშო ბიზნესის წილი ბიზნეს სექტორის მთლიან ბრუნვაში 31.2% იყო. ცნობისათვის, 2022 წელს ეს მაჩვენებელი 29%-ს შეადგენდა.