დავით კერესელიძე: საბერძნეთში მყოფი ქართველები ორმაგად ზარალდებიან

საბერძნეთში შექმნილი ვითარება იქ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ორმაგად აზარალებს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, დავით კერესელიძემ ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ის, რომ საბერძნეთში ამ დრომდე არ მუშაობს ბანკომატები, აზარალებს არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს, არამედ ბერძნებსაც. "თუმცა, ქართველები ორმაგად ზარალდებიან, ვინაიდან ვერ გამოაქვთ ის ფული ბანკომატებიდან ან ბანკებიდან, რაც დააგროვეს და მეორე, ის ბერძენი, რომელთანაც მუშაობს ქართველი, ვერ უხდის, რადგან მასაც არ აქვს ფული. სიტუაცია არის ძალიან რთული", - განაცხადა დავით კერესელიძემ.

იგი იმედოვნებს, რომ ბანკებიდან და ბანკომატებიდან ფულის გამოტანის პრობლემა დღეს ან ხვალ მოგვარდება და საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, თანხა გამოიტანონ და გადმორიცხონ. "რა თქმა უნდა, საქართველოში საბერძნეთიდან გზავნილები შემცირებულია და რაღაც პერიოდი ალბათ ასე იქნება", - განაცხადა დავით კერესელიძემ.

მისივე თქმით, საბერძნეთში იმყოფებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ გურგენიძე. "ეს იყო ვიზიტი რეფერენდუმამდე, რათა ადგილზე გაცნობოდა ჩვენი მინისტრის მოადგილე იქ მყოფი ქართველების მდგომარეობას. მას ჰქონდა შეხვედრები საბერძნეთის მთავრობის წარმომადგენლებთან, მიეღო რწმუნებები იმის შესახებ, რომ ვითარება კონტროლს ექვემდებარებოდა. გარდა ამისა, ეს იყო ვიზიტი იმისთვის, რომ ჩვენი საელჩოსთვის კიდევ ერთხელ მიგვეცა დამატებითი ინსტრუქციები და სტიმული, რომ იქ უწყვეტ რეჟიმში ემუშავათ", - განაცხადა კერესელიძემ.

რაც შეეხება საბერძნეთში მყოფი ქართველების ზუსტ რაოდენობას, როგორც კერესელიძე ამბობს, სხვადასხვა წყაროებით სხვადასხვა ციფრი სახელდება, თუმცა ოფიციალურად საკონსულო აღრიცხვაზე ათენში არის 7200 საქართველოს მოქალაქე, ხოლო სალონიკში დაახლოებით 8000 პირი.