„განსხვავება ანდერძსა და ჩუქებას შორის ის არის, რომ თუ პირმა, თავის სიცოცხლეში ვინმეს აჩუქა თავისი ქონება, მისი გარდაცვალების შემდეგ, პირველი რიგის მემკვიდრეებს აღარ შეუძლიათ იქიდან სავალდებულო წილის მოთხოვნა“, - ამის შესახებ ადვოკატმა თათია ქაჯაიამ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ მემკვიდრეობის საკითხებზე საუბრისას განაცხადა.
მან განმარტა, თუ რას მოიცავს მემკვიდრეობა, ანდერძი და ჩუქება.
„ანდერძი ნიშნავს, რომ მამკვიდრებელი პირი წერს, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ კონკრეტულ პირს დარჩეს მისი ქონება. ანდერძი აუცილებელი არ არის იყოს მაინცდამაინც ნათესავზე ან კანონით მემკვიდრეზე, არამედ შესაძლებელია დაიწეროს ნებისმიერ პირზე. კანონით მემკვიდრეობა კი ნიშნავს, რომ პირს არ დაუწერია ანდერძი და მისი გარდაცვალების შემდეგ კანონით მემკვიდრეზე ხდება მისი ქონების გადასვლა. არსებობს ხუთი რიგის მემკვიდრეობა. პირველი რიგის მემკვიდრეები, მშობლები, შვილები ან მეუღლე. შვილიშვილი შეიძლება იყოს მემკვიდრე მაშინ, თუ ცოცხალი აღარ არიან მისი მშობლები. ხოლო თუ არ ჰყავს მამკვიდრებელს პირველი რიგის მემკვიდრეები, მაშინ რიგი გადადის მეორე რიგის მემკვიდრეებზე.
ხშირად ერევათ ხოლმე ერთმანეთში ანდერძი და ჩუქება. ჩუქება ხდება პირის სიცოცხლის განმავლობაში. ორი ადამიანის შეთანხმების საფუძველზე მესაკუთრე ჩუქებით გადასცემს სხვას ქონებას და ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი. ანდერძს კი ადამიანი წერს რა თქმა უნდა, სიცოცხლის განმავლობაში, მაგრამ მისი აღსრულება ხდება პირის გარდაცვალების შემდეგ“, - აღნიშნა ადვოკატმა.
მისი თქმით, ზოგიერთ შემთხვევაში ანდერძის სრული სიზუსტით აღსრულება არ ხდება.
„ზოგიერთ შემთხვევაში არ ხდება ანდერძის ზუსტად ისე აღსრულება, როგორც მისმა ავტორმა დაწერა. ანდერძის დაწერა შესაძლებელია როგორც კანონით მემკვიდრეზე, ისე ნებისმიერ სხვა პირზე. ამიტომ პირველი რიგის მემკვიდრეებს აქვთ სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლება.
მაგალითად, თუ ანდერძი დაწერილია მეზობელზე და პირის გარდაცვალების შემდეგ სახეზე არიან პირველი რიგის მემკვიდრეები, მშობლები, შვილები და მეუღლე, მათ სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლება აქვთ. თუმცა, სავალდებულო წილი არის იმ წილის ნახევარი, რასაც ანდერძის გარეშე, მიიღებდნენ ისედაც“, - განაცხადა თათია ქაჯაიამ.