1-ელი იანვრიდან „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის ანაზღაურება 16 250 ლარი იქნება

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის თინათინ ბერძენიშვილის ანაზღაურება 1-ელი იანვრიდან 16 250 ლარი იქნება.

ამის შესახებ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებაშია ნათქვამი, რომლის მიხედვითაც თინათინ ბერძენიშვილის შრომით ხელშეკრულებაში ცვლილება შევიდა.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30(1) მუხლის “ი“ ქვეპუნქტის თანახმად, ცვლილება შევიდეს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“გენერალურ დირექტორთან თინათინ ბერძენიშვილთან (პირადი #01030007938) 2020 წლის 25 სექტემბერს გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებაში და 2025 წლის პირველი იანვრიდან გენერალური დირექტორის შრომის ანაზღაურება განისაზღვროს 16 250 (თექვსმეტი ათას ორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით (დარიცხული)“, - წერია გადაწყვეტილების ტექსტში.

აღნიშნულ ცვლილებამდე, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის შრომითი ანაზღაურება (დარიცხული) 12 500 ლარს შეადგენდა.

გასული წლის დეკემბერში პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი წესითა და ფორმულით დაფინანსების გადაწყვეტილება მიიღო, რაც გულისხმობს, რომ 2026 წლიდან მაუწყებლის დაფინანსება სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ დასაქმებულ პირთა მონაცემებზე დაყრდნობით გამოითვლება.

კერძოდ, საზოგადოებრივი მაუწყებელი დაფინანსდება წინა წლის დასაქმებულ ფიზიკურ პირთა რაოდენობისა და საზოგადოებრივი მაუწყებლობის ბიუჯეტის დაფინანსების კოეფიციენტის - 64 ლარის ნამრავლის შედეგად მიღებული თანხის მოცულობით, მაგრამ არანაკლებ წინა წელს დამტკიცებული ბიუჯეტის მთლიანი ასიგნების ოდენობისა. ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის დაფინანსების ოდენობის შემცირება მხოლოდ სამეურვეო საბჭოს თანხმობით იქნება შესაძლებელი.

აღნიშნული ნორმები 2026 წლის 1-ელი იანვრიდან შევა ძალაში. 2026 წლამდე კი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დაფინანსება 101.19 მლნ ლარი იქნება.

ნათია ზარიძე