პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, მომავალი წლის განმავლობაში 80-ზე მეტი საწარმო გაიხსნება

სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, წლის ბოლომდე და მომავალი წლის განმავლობაში 80-ზე მეტი საწარმო გაიხსნება, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მეწარმეობის განვითარების სააგენტოს სერვისცენტრის გახსნისას ჟურნალისტებს განუცხადა.

"ეს იქნება ცენტრი, სადაც ცენტრალიზებულად მიიღებს ყველა მეწარმე იმ ინფორმაციას, რომელიც შეიძლება მისთვის სიანტერესო იყოს სახელმწიფოს მიერ მიწოდებული პროგრამების ფარგლებში. აქ იქნება კონსოლიდირებული სერვისები. უკვე 80-ზე მეტმა მეწარმემ ისარგებლა ჩვენი პროგრამით, რაც იმას ნიშნავს, რომ წლის ბოლომდე და მომავალი წლის განმავლობაში 80-ზე მეტი საწარმო გაიხსნება, რაც უკვე დამატებით რამდენიმე ათას სამუშაო ადგილს ნიშნავს", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ეს იქნება საპილოტე პროექტი, რომლის შემდეგაც უკვე გაცილებით უფრო ფართო ცენტრი გაიხსნება, სადაც იქნება როგორც ეკონომიკის სამინისტროს ფარგლებში არსებული პროგრამების შესახებ სერვისები, ასევე სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის და ა.შ. "რათა ერთ ადგილას ერთი ფანჯრის პრინციპით ყველა მეწარმემ მიიღოს კონსოლიდირებული ინფორმაცია".  "გარდა ამისა, იქ შეიძლება განთავსებული იქნას ასევე რეესტრის თანამშრომელი, რათა მან იქვე მიიღოს ყველა ის სერვისი, რომელიც საჯარო რეესტრთან არის დაკავშირებული", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს სერვისცენტრი თბილსში, უზნაძის ქუჩა 18 ნომერში გაიხსნა.