სექტემბერში ნაღდ ფულზე მოთხოვნა 79.5 მლნ ლარით შემცირდა - სებ-ი

მიმდინარე წლის სექტემბერში ნაღდ ფულზე მოთხოვნა 79.5 მლნ ლარით შემცირდა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის თვის მიმოხილვაშია ნათქვამი.

ამავე ცნობით, რეფინანსირების სესხები წინა თვესთან შედარებით სექტემბერში 200 მლნ ლარით გაიზარდა. ერთდღიანი სესხის ნაშთი კი 360 მლნ ლარით გაიზარდა.

ამავე პერიოდში განთავსდა 20 მლნ ლარის სადეპოზიტო სერტიფიკატი და დაიფარა 20 მლნ ლარის ნომინალური მოცულობის სადეპოზიტო სერტიფიკატები.

მეორად ბაზარზე სახაზინო ფასიანი ქაღალდების შესყიდვა არ ყოფილა.

მთლიანობაში, სექტემბერში ბანკების წმინდა დავალიანების მოცულობა 565 მლნ ლარით გაიზარდა და პერიოდის ბოლოსთვის, 4,390.7 მლნ ლარს გაუტოლდა.

სექტემბერში ფართო ფულის (M3) მოცულობა თვიურად 1,035.9 მლნ ლარით გაიზარდა, მეტწილად უცხოური ვალუტის დეპოზიტების ზრდის გავლენით. რაც შეეხება M2 აგრეგატს, მისი მოცულობა 258.5 მლნ ლარით გაიზარდა.

ნათია ზარიძე