აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოში 68 198 000 ლარის საბიუჯეტო სესხი დაუმტკიცა.
ADB-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, თანხა პროფესიული განათლების ხარისხისა და მასზე წვდომის გაუმჯობესებას მოხმარდება.
ინფორმაციის თანახმად, დაფინანსება საქართველოში მიმდინარე ADB-ის პროგრამის — თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმებისთვის — მეორე ქვეპროგრამაა, რომლის ფარგლებშიც 2020 წელს გაუმჯობესდა პროფესიულ განათლებაზე წვდომა.
“მთავრობის მიერ გატარებული რეფორმების შედეგად იმედისმომცემ შედეგებს ვხედავთ, რადგან გაიზარდა მოთხოვნა პროფესიულ განათლებაზე და ისტორიულად დაბალია უმუშევრობის დონე. მზად ვართ, განვაგრძოთ საქართველოს განათლების სისტემის რეფორმის მხარდაჭერა” - განაცხადა ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა ევგენი ჟუკოვმა.
ქვეპროგრამა 2 ხელს შეუწყობს ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომელიც დაეხმარება პროფესიული განათლების ხარისხისა და რელევანტურობის გაუმჯობესებას ეკონომიკის პრიორიტეტულ დარგებში, გაზრდის წვდომას პროფესიულ სწავლებაზე და ჩართავს კერძო სექტორს პროფესიული პროგრამებისა და სასწავლო გეგმის რელევანტურობის გაუმჯობესებაში. მთავრობის მიერ განხორციელებულ ნაბიჯებს შორისაა პროფესიული განათლების სტრატეგია 2024-2030-ის მიღება, რომელიც გენდერისა და კლიმატის კომპონენტებს შეიცავს; ასევე განსაზღვრას პროფესიული სასწავლებლების მასწავლებლების კვალიფიკაციის ჩარჩოს, რაც პროფესიული სტანდარტების, განვითარებისა და კარიერული წინსვლის კრიტერიუმებს ადგენს კვალიფიციური მასწავლებლების მოზიდვისა და შენარჩუნების მიზნით. პროგრამამ ინსტიტუციური სახე მისცა პროფესიული განათლების დაწესებულებებისა და ბიზნესის თანამშრომლობას, რასაც მართავს ახლადშექმნილი უნარების სააგენტო. სააგენტოს თანაბარი რაოდენობის საჯარო მოსამსახურეებისა და კერძო მეწარმეებისგან შემდგარი დამოუკიდებელი სამეთვალყურეო საბჭო მართავს.
ADB-ის ინფორმაციით, პროფესიული პროგრამების წახალისებით იმ რეგიონების სკოლებში, სადაც პროფესიული კოლეჯები არ არის, პროექტი ხელს უწყობს შესაძლებლობების გაზრდას სოფლად მცხოვრები ახალგაზრდებისა და მოწყვლადი მოსახლეობისთვის. ეს ასევე გააძლიერებს ქალებს დასაქმებასა და განათლებაზე მათი წვდომის გაუმჯობესებით. პროგრამა სოციალური და კლიმატის მხრივ მოწყვლად თემებში მცხოვრებ სტუდენტებს აღჭურვის კლიმატის ცვლილების პირობებში აუცილებელი თანამედროვე ცოდნითა და უნარებით.
„ქვეპროგრამა 2-ის დაფინანსება ADB-ის ადგილობრივ ვალუტაში გაცემული პირველი სუვერენული სესხია. პროგრამა თანხვედრაშია საქართველოს ვალის მართვის სტრატეგიასთან, რომლის მიზანია გაზარდოს ადგილობრივ ვალუტაში აღებული სახელმწიფო ვალის წილი. ეს გააუმჯობესებს ეკონომიკის მედეგობას საგარეო შოკების მიმართ და ხელს შეუწყობს მდგრად განვითარებას“ - წერია ინფორმაციაში.