თბილისში დიდგაბარიტიანი მანქანების მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში 726 074 ლარის ჯარიმა შევიდა

დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში დიდი გაბარიტების მქონე მანქანების გარკვეულ საათებში გადაადგილების შეზღუდვის გამო ბიუჯეტში 726 074 ლარის ჯარიმა შევიდა. ამის შესახებ აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) დოკუმენტში.

აღსანიშნავია, რომ კანონის ამოქმედებიდან პირველ თვეს აღნიშნული დარღვევისთვის არავინ დაუჯარიმებიათ, ყოველ შემთხვევაში, ხაზინის დოკუმენტში ამ მუხლიდან შესული ჯარიმის მოცულობა არ იძებნება. უკვე თებერვალში კი 49 200 ლარის ჯარიმა დაიწერა.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 1-ლი იანვრიდან დროის გარკვეულ მონაკვეთში, დედაქალაქის კონკრეტულ ადგილებში დიდი გაბარიტების მქონე მანქანების, M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებისთვის გადაადგილება აიკრძალა. აკრძალვა 08:00- 11:00 საათებსა და 17:00-20:00 საათების შუალედში მოქმედებს.

აღსანიშნავია, რომ 08:00-11:00 საათების შუალედში რეგულაცია არ ვრცელდება შემდეგ სატრანსპორტო საშუალებებზე: საზოგადოებრივ ტრანსპორტზე; საავარიო, ასევე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი შემთხვევების აღმოსაფხვრელად საჭირო ტრანსპორტზე, (სასწრაფო დახმარების, სამაშველო, სახანძრო, საევაკუაციო და ა.შ. ტრანსპორტი); მუნიციპალური ან სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტზე; მოსწავლეებისა და სტუდენტების გადაადგილებისათვის საჭირო ტრანსპორტზე; ტურისტული საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტზე; ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ პირებზე; ბეტონმზიდ სატრანსპორტო საშუალებებზე; ნავთობპროდუქტების გადამზიდავ ტრანსპორტზე.

ამასთან, შეზღუდვა არ მოქმედებს შაბათ-კვირას, უქმე დღეებსა და აგვისტოში. კანონის მიხედვით, დამრღვევი პირზე ჯარიმა 1000 ლარია, განმეორების შემთხვევაში კი 3000 ლარი.

მერიის მიერ შემუშავებული გეგმით, დიდი ავტომობილების გადაადგილების შეზღუდვა იგეგმება, შემდეგ მისამართებზე: ქეთევან დედოფლის გამზირი, მოსკოვის გამზირი, ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდისა და იუსტიციის სახლის ტერიტორია; აღმაშენებლის გამზირი; წერეთლის გამზირი, ვაკე-საბურთალოს ცენტრალური ქუჩები; მარშალ გელოვანის გამზირი, აღმაშენებლის ხეივანი, მეტრო სარაჯიშვილის მიმდებარედ.