ანაკლიის პორტის კონტრაქტორმა Jan De Nul-მა ყაზახეთში სამუშაოები რეკორდულ დროში დაასრულა

კასპიის ზღვაზე, ყაზახეთის საზღვაო პორტ კურიკში წყალგაღრმავების სამუშაოები ვადაზე ადრე დასრულდა. ამის შესახებ ყაზახეთის რკინიგზის პრესსამსახურის განცხადებაში წერია, რასაც Report ავრცელებს.

ეს სამუშაოები საქართველოზე გამავალი ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) განვითარების კომპლექსური ზომების ნაწილია. აღსანიშნავია, რომ გენერალური კონტრაქტორი, რომელმაც კურიკში სამუშაოები უმოკლეს დროში დაასრულა, მსხვილი ბელგიური კომპანია Jan De Nul-ია. ეს კომპანია ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოების ტენდერში გამარჯვებულია და ნავსადგურის აკვატორიის დაღრმავებით, ასევე, მოლოს (ტალღისმჭრელის/ტალღმტეხელის) მშენებლობის სამუშაოებს განახორციელებს.

ყაზახეთის რკინიგზის ცნობით, „კურიკის წყალგაღრმავების სამუშაოები რეკორდულ დროში, 4 თვეში დასრულდა და ამჟამად პორტის აკვატორიისა და მისადგომი არხის სიღრმე 7-დან 8 მეტრამდეა, რაც პორტში დამუშავებული გემების გამავალი წყალშიგის გაზრდასა და მათ სრულ დატვირთვას უზრუნველყოფს.“

4 თვეში Jan De Nul Kazakhstan-მა, დრეჯერ Vesalius-ის გამოყენებით, ყველა საჭირო სამუშაო ჩაატარა. ადგილზე Jan De Nul Kazakhstan-ის ოთხი ხომალდი, ყაზახი კონტრაქტორების ბუქსირები და ტექნიკა მუშაობდა. სამუშაოებში, ასევე, მონაწილეობდნენ აზომვა-პროექტირების ადგილობრივი კომპანიები.

ანალოგიური სამუშაოები 2025 წელს მეზობელ ყაზახურ პორტ აქტაუშიც ჩატარდება.

კურიკის პორტი TITR-ის მარშრუტზე, აქტაუს რეგიონული ცენტრიდან 90 კმ-ში მდებარეობს. პორტის გამტარუნარიანობა წელიწადში 6 მლნ ტონაა. აქედან სარკინიგზო ტერმინალის წილი 4,1 მლნ ტონა, ხოლო საავტომობილო ტერმინალის წილი 1,9 მლნ ტონაა.

ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიაზე, შემდეგ კი თურქეთისა და ევროპის ქვეყნების გავლით გადის.

ცნობისთვის: Jan De Nul ბელგიური საოჯახო კომპანიაა, რომლის სათავო ოფისიც ლუქსემბურგშია. კომპანია, საერთაშორისო საფუძველზე საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და ტექნიკურ მომსახურებას უზრუნველყოფს. საზღვაო ინჟინერიის სხვა სფეროებთან ერთად, მისი ძირითადი მიმართულება დრენაჟი და წყლის სიღრმის გაზრდაა, რაც მისი ბრუნვის 85%-ს შეადგენს. საქმიანობის სხვა სფეროები სამოქალაქო ინჟინერიასა და გარემოსდაცვით ტექნოლოგიას მოიცავს. კომპანია 75 ხომალდისგან შემდგარ ფლოტს ფლობს. 2022 წლის ბოლოს Jan De Nul Group-ს 7 178 თანამშრომელი ჰყავდა, ხოლო კომპანიის წლიურმა ბრუნვამ 2.5 მლრდ ევრო შეადგინა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ