რა შემთხვევაში შეიძლება შეგიჩერდეთ პენსია, როგორ იყოფა ქონება ძმებს შორის - ამ და სხვა საკითხებზე "კვირის პალიტრა" იურისტს, ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებულ ადვოკატს ნუგბარა როსტიაშვილს ესაუბრა.
ცნობისთვის, რუბრიკაში „იურისტი გირჩევთ“, სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტები მოქალაქეების მხრიდან რედაქციაში შემოსულ კითხვებს პასუხობენ.
თუ შეიძლება მთელი წლის პენსიის დაგროვება ბანკში და ეს ხომ არ გახდება შეჩერების მიზეზი?
- კანონით განსაზღვრულია, რომ პენსიის შეჩერების მიზეზი შეიძლება გახდეს პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობა, ანუ როდესაც პენსიას 6 თვის განმავლობაში არ გამოიტანს პენსიონერი ბარათიდან, მაშინ მას შეუჩერდება პენსია.
შარშან, ხელშეკრულების საფუძველზე, საზღვარგარეთ თანხა გადავრიცხე. უნდა გამოეგზავნათ საქონელი. დღესაც არაფერია გარკვეული. ვის მივმართო?
- სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა 3 წელია, შესაბამისად, თქვენ კვლავ გაქვთ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება, ასევე მნიშვნელოვანია თავად ხელშეკრულების შინაარსი, თუ რა პირობებზე შეთანხმდით მხარეები, ასევე პირობებში უნდა იყოს გაწერილი, დავის შემთხვევაში ვისთვის მიმართვის უფლება გაქვთ.
ნაცნობმა დამარწმუნა, რომ მთელი დანაზოგი ჩამედო მის კომპანიაში, ხელშეკრულება არ გამიფორმა და რამდენიმე თვის გასვლის შემდეგ საზღვარგარეთ გაიქცა. როგორც გავარკვიე, ჩემნაირი მოტყუებული კიდევ ბევრი ჰყავს. არის რამე გზა ფულის დასაბრუნებლად?
- ასეთ შემთხვევაში უნდა მიმართოთ პოლიციას თაღლითობის გამო, ასევე სასურველი იქნება, თუ სხვა მოტყუებულებიც (დაზარალებულები) მიმართავენ პოლიციას, ვინაიდან სამოქალაქო კუთხით არა გაქვთ არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ მის კომპანიაში ჩადეთ თანხა და ამით დაზარალდით.
ვართ სამი ძმა. ჩემმა უფროსმა ძმამ გადაიფორმა მიწის ნაკვეთი ქალაქ საჩხერესთან, 1800 კვმ, ასევე ბინა ქალაქ ჭიათურაში. მე და ჩემს შუათანა ძმას დაგვრჩა მამაპაპისეული სახლი სოფელში. ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცეთ სამართლებრივად?
- პირველ რიგში აუცილებელია ვიცოდეთ, თუ ვისი ქონება გადაიფორმა თქვენმა ძმამ. აღნიშნული ქონება შეადგენდა სამკვიდრო ქონებას, მიიღო მშობლებისგან თუ საიდან წარმოიშვა ამ ქონებაზე უფლება. ამდენად, იმისათვის, რომ შევძლო თქვენს კითხვაზე ზუსტი პასუხის გაცემა, გთხოვთ მოგვმართეთ თავიდან და მიუთითეთ საკითხის ყველა დეტალი დაწვრილებით.
ბინას ყიდის ბანკი, მაგრამ ბინაში ცხოვრობს ბინის პატრონი, რომელიც გაყიდვის წინააღმდეგია. მას შემდეგ, რაც ამ ბინას შევიძენ, შევძლებ თუ არა ბინიდან ამ ოჯახის გასახლებას?
- დიახ, შეძლებთ, თუმცა დაგჭირდებათ სასამართლოსთვის მიმართვა ნივთის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მისაღებად. ასევე გაითვალისწინეთ, რომ მსგავსი ტიპის დავები, როგორც წესი, წლების განმავლობაში გრძელდება. ასევე, დავის დასრულების შემდეგ შესაძლოა დაგჭირდეთ სასამართლოს გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულებაც, რაც ასევე საკმაოდ ხანგრძლივდება.
მომიხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. ვინც დამეჯახა, დამპირდა, რომ მანქანას გამიკეთებდა, თუ არ ვიჩივლებდი. მოვილაპარაკეთ, მაგრამ ახლა უარს ამბობს გაკეთებაზე. რა გზები არსებობს, რომ მან ამინაზღაუროს ზარალი ან თავად გააკეთოს მანქანა? შემიძლია თუ არა ისევ გამომძიებელს მივმართო?
- თუ სწორად გავიგე, საგზაო შემთხვევის დროს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელიც უნდა ყოფილიყო ადგილზე, ვინაიდან კითხულობთ, ისევ თუ შეგიძლიათ გამომძიებელს მიმართოთ. თუ შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები, შესაბამისად, მათ შედგენილი ექნებათ ოქმი, რომელიც უნდა გამოითხოვოთ და აღნიშნულის საფუძველზე სასამართლოს გზით უნდა მოითხოვოთ ზარალის ანაზღაურება.
მყავს მცირეწლოვანი შვილი, ქმარს გავშორდი, მინდა მამობის უფლების ჩამორთმევა. რა არის ამისთვის საჭირო?
- მშობლის უფლების ჩამორთმევის წინა პირობები განსაზღვრულია კანონით და ხორციელდება მხოლოდ სასამართლოსთვის მიმართვის გზით. სასამართლომ უნდა იმსჯელოს, არსებობს თუ არა კანონით დადგენილი წინა პირობები, რომელთა გამო მშობელს უნდა ჩამოერთვას მშობლის უფლება. აღნიშნულის გამო უნდა მიმართოთ სასამართლოს და მოითხოვოთ მამობის ჩამორთმევა. თუმცა პრაქტიკაში უფრო მიღებულია მშობლის უფლების შეზღუდვა, რომელიც ასევე სასამართლოს გზით ხორციელდება. მშობლის უფლების შეზღუდვა არ გართმევთ ალიმენტის მოთხოვნის უფლებასაც.
ვარ საქართველოს მოქალაქე, წლებია ემიგრაციაში ვარ და მივიღე საბერძნეთის მოქალაქეობა. არ მინდა დამეკარგოს საქართველოს მოქალაქეობა. როგორც მითხრეს, საქართველოს მოქალაქეობა ავტომატურად გაუქმდება. როგორ მოვიქცე?
- საქართველოს მოქალაქეს შეუძლია შეინარჩუნოს საქართველოს მოქალაქეობა, თუ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოსგან მიიღებს თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე. ასევე, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობა გაიცემა, თუ საქართველოს მოქალაქის საქართველოსთან კავშირი სარწმუნოდ იქნება მიჩნეული.
ნოტარიუსთან ხელშეკრულების გაფორმების გარეშე მაქვს ნაქირავები ბინა. ვცხოვრობთ უკვე მესამე თვეა, გადახდილი მაქვს პირველი და ბოლო თვის თანხა. ხშირად ამოდის ბინის მეპატრონე ბინაში და აქვს უსაფუძვლო პრეტენზიები სხვადასხვა საკითხზე. შემიძლია თუ არა ავუკრძალო მას ბინაში შემოსვლა? თუ ბინის დაცლის გადაწყვეტილებას მივიღებ, რადგან იქ ცხოვრება გაუსაძლისია, არის თუ არა ვალდებული დამიბრუნოს ბოლო თვის გადასახადი?
- თუ ბოლო თვის ქირის გადახდაზე სახელშეკრულებო პირობა არა გაქვთ, ასეთ შემთხვევაში, თუ დროზე ადრე მოგიწევთ გასვლა, ბოლო თვის თანხა უნდა დაგიბრუნონ. რაც შეეხება დამქირავებელს შეუძლია თუ არა აუკრძალოს მეპატრონეს ბინაში შესვლა, კი, შეუძლია, თუ ეს ხდება ძალიან ხშირად. დამქირავებელს, მართლზომიერ მფლობელს, შეუძლია ნივთი დაიცვას ნებისმიერი პირისგან, მათ შორის მესაკუთრისგან. თუ პირადი დისკომფორტი გაქვთ და ის პირად სივრცეს გირღვევთ, მით უმეტეს, უფლება გაქვთ აუკრძალოთ მოსვლა, არ გაუღოთ კარი. გამოიძახეთ პატრული და დაუფიქსირეთ, რომ ბინა ნაქირავები გაქვთ და შემოჭრას ცდილობს.