საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია უნგრელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია აზერბაიჯანში, ქალაქ ბაქოში მიმდინარე გაეროს კლიმატის ცვლილების მხარეთა კონფერენციის (COP 29) ფარგლებში, უნგრეთის ენერგეტიკის მინისტრს ლანტოს კსაბას შეხვდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ და სამომავლო თანამშრომლობის, მათ შორის, გარემოს დაცვის მიმართულებით, გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს.

„აღინიშნა, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის გამორჩეული ურთიერთობების დასტურია ხელმოწერილი ერთობლივი დეკლარაცია სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რომელიც საქართველო-უნგრეთის მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობის უმნიშვნელოვანეს ჩარჩოს წარმოადგენს.

უნგრეთის მხარემ მზადყოფნა გამოთქვა, საქართველოსთან თანამშრომლობისთვის როგორც ინსტიტუციური განვითარების, ისე თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისა და წყლის რესურსების მართვის პოლიტიკის განხორციელების, ინვესტიციების მოზიდვისა და წარმოების განვითარების მიმართულებით.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი ესწრებოდა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.