გაყინული ფორთოხლის წვენის კონცენტრატზე მსოფლიო ფასები რეკორდულ დონემდე გაიზარდა. მისი საბაზრო ღირებულება რამდენიმე წელია, იზრდება.
კერძოდ, 2023 წლის პირველი ნახევრის შედეგების მიხედვით, ფუნტი (453 გრამი), თითქმის, მესამედით, ანუ 2,02-დან 2,73 დოლარამდე გაძვირდა, ხოლო იმავე წლის მაისის ბოლოს ფასის მაქსიმუმმა, თითქმის, 2,94 დოლარი შეადგინა, მაშინ, როცა 2022 წლის დასაწყისში გაყინული ციტრუსის კონცენტრატის წვენი ბირჟაზე 1,42 დოლარად ივაჭრებოდა.
წელს უარყოფითი ტენდენცია გაუარესდა და აგვისტოს ბოლოს ნიუ-იორკის Intercontinental Exchange-ზე ფასებმა რეკორდულ მაჩვენებელს, ფუნტზე 5,04 დოლარს მიაღწია. ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის გაყინული კონცენტრატის ღირებულებამ ICE Futures U.S-ბირჟაზე ისტორიული მაქსიმუმი განაახლა და ფუნტზე 5,1 დოლარამდე მოიმატა, რაც კილოგრამზე, დაახლოებით, 11,24 დოლარია. სულ რაღაც სამ დღეში კოტირებები, თითქმის, 11%-ით გაიზარდა. ექსპერტები მნიშვნელოვან რისკებს პროგნოზირებენ, რომ გლობალური აქციების ფასები მომდევნო რამდენიმე თვეშიც გაიზრდება.
ფორთოხლის გაძვირების ძირითად მიზეზებად მიმწოდებელ ქვეყნებში, კერძოდ, აშშ-სა და ბრაზილიაში მოსავლიანობის მკვეთრი ვარდნა სახელდება, რასაც მცენარის დაავადებების გავრცელება, ასევე, გლობალური დათბობის უარყოფითი შედეგები იწვევს, როგორიც არის გახანგრძლივებული გვალვები ლათინურ ამერიკაში და ძლიერი ქარიშხალი ჩრდილოეთ ამერიკაში.
ბრაზილიის წილი გლობალური ფორთოხლის წვენის ექსპორტში, დაახლოებით, 70%-ია და ნორმალურ პირობებში ქვეყანას, დაახლოებით, 300 მლნ ყუთი ფორთოხლის მიწოდება შეუძლია, რომლის თითოეულის წონა 40,8 კილოგრამია. თუმცა ხანგრძლივი გვალვის გამო, რომელიც მაისიდან აგვისტომდე გაგრძელდა, ბრაზილიის მოსავალი, 2023 წელთან შედარებით, 24%-ით შემცირდა. ქვეყანაში ფორთოხლის მოსავალი ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდია. სექტორული ასოციაცია Fundecitrus-ის პროგნოზით, ადგილობრივი ფერმერები წელს არაუმეტეს 242 მლნ ყუთის ციტრუსის მიწოდებას შეძლებენ. ეს მაჩვენებელი ოპტიმალურ დონეზე, თითქმის, 60 მლნ ყუთით დაბალია.
ხილისა და ბოსტნეულის წვენების საერთაშორისო ასოციაციის განცხადებით, პრობლემის ერთ-ერთი გამოსავალი ახალ მოსავალთან შარშანდელი გაყინული ფორთოხლის კონცენტრატის შერევაა, რომელსაც შენახვის ვადა ორი წელი აქვს. თუმცა, ასოციაციის შეფასებით, გლობალური მიწოდება უკვე მესამე წელია, მცირდება, რამაც მარაგი საგრძნობლად ამოწურა. ამდენად, ალტერნატივის სახით ასოციაცია მწარმოებლებს ფორთოხლის წვენის მოსამზადებლად „სხვადასხვა სახის ხილის,“ კერძოდ, მანდარინის გამოყენებას სთავაზობს. მანდარინის უპირატესობა ის არის, რომ მისი ხეები კლიმატის ცვლილების მიმართ უფრო მდგრადი, ხოლო დაავადებების მიმართ ნაკლებად მგრძნობიარეა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ