ფრანგებმა წელიწადში ერთი დღე შესაძლოა, ანაზღაურების გარეშე იმუშაონ

საფრანგეთის სენატმა (პარლამენტის ზედა პალატამ) წელიწადში ანაზღაურების გარეშე დამატებით შვიდსაათიანი სამუშაოს შემოღების საკითხს მხარი დაუჭირა, რაც სახელმწიფო ხაზინის შევსებას ემსახურება.

ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

2025 წლის ბიუჯეტის კანონპროექტში ცვლილების პროექტი მემარჯვენე-ცენტრისტმა სენატორმა, ელიზაბეტ დუანომ წარადგინა. პროექტის თანახმად, დასაქმებულები წლის განმავლობაში შვიდი საათით, ანუ ერთი სამუშაო დღით მეტს ანაზღაურების გარეშე იმუშავებენ.

ამასთან, დამსაქმებლებს ამ სამუშაო საათებისთვის სოციალური დაზღვევის ფონდში დამატებითი შენატანების გადახდა მოუწევთ. გათვლების მიხედვით, დამატებითი შრომის გადასახადებიდან ბიუჯეტი 2,5 მლრდ ევროს შემოსავალს მიიღებს

სენატში დამტკიცების მიუხედავად, ბიუჯეტის საბოლოო მოსმენის დროს შესწორება შესაძლოა, არ მიიღონ.

მანამდე საფრანგეთის ბიუჯეტის დამატებითი დაფინანსებისთვის ერთ-ერთი უქმე დღის გაუქმების საკითხი განიხილებოდა. თუმცა კანონმდებლები ვერ შეთანხმდნენ, თუ რომელი დღესასწაული გაუქმებულიყო.

ამასთან, მიშელ ბარნიეს მთავრობა 2025 წლის ბიუჯეტში 60 მლრდ ევროს დასაზოგად ხარჯის შემცირებისა და გადასახადების გაზრდის ინიციატივით გამოდის. შეთავაზებული ზომების უმეტესობა მდიდარ ფრანგებსა და მსხვილ კომპანიებს შეეხება. ასევე, იგეგმება საგადასახადო შეღავათების შეზღუდვა დამსაქმებლების სოციალური დაზღვევის შენატანებზე, რომლებიც დაბალი შემოსავლის მუშახელს ეხება. ამან პროფკავშირების აღშფოთება გამოიწვია.

ცნობისთვის: მიმდინარე წლის სექტემბერში საფრანგეთის სახელმწიფო ობლიგაციების შემოსავლიანობამ ესპანური ფასიანი ქაღალდების შემოსავლიანობას მსოფლიო ფინანსური კრიზისის შემდეგ პირველად გადააჭარბა. მიზეზად საფრანგეთის ბიუჯეტის გადაჭარბებული დეფიციტი სახელდება. ბიუჯეტის დეფიციტთან დაკავშირებულმა პრობლემებმა ქვეყნის საკრედიტო რეიტინგზეც იმოქმედა. ოქტომბერში Fitch-მა საფრანგეთის რეიტინგზე პროგნოზი „სტაბილურიდან“ „უარყოფითით“ შეცვალა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ