ლაშა ხუციშვილი - ADB-ის მიერ ფინანსური რესურსის ადგილობრივ ვალუტაში გამოყოფა მისი მხრიდან საქართველოს ეკონომიკისადმი მაღალი ნდობის ხარისხზე მიუთითებს

აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ ფინანსური რესურსის ადგილობრივ ვალუტაში გამოყოფა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მხრიდან საქართველოს ეკონომიკისადმი მაღალი ნდობის ხარისხზე მიუთითებს და ჩვენი წარმატებული თანამშრომლობის ახალი ეტაპია, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ADB-ის მიერ საქართველოში, პროფესიული განათლების ხარისხისა და მასზე წვდომის გაუმჯობესების მხარდასაჭერად, 68.2 მლნ ლარის ოდენობის პირველი სუვერენული სესხის გამოყოფის შეფასებისას განაცხადა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

მისი თქმით, ბანკის ეს ნაბიჯი პასუხობს საქართველოს ვალის მართვის სტრატეგიით განსაზღვრულ მიზნებს.

„განსაკუთრებით მსურს, ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ ჩვენი პარტნიორების ეს გადაწყვეტილება, თანხვედრაშია საქართველოს ვალის მართვის სტრატეგიასთან, რომლის მიზანია ვალის მთლიან მოცულობაში გაიზარდოს ადგილობრივი ვალუტის წილი. ეს გააუმჯობესებს ეკონომიკის მედეგობას საგარეო შოკების მიმართ და ხელს შეუწყობს ქვეყნის მდგრად განვითარებას. ჩვენთვის, ასევე, სასიხარულოა ის შეფასება, რომელიც გაკეთდა ADB-ის ხელმძღვანელობის მხრიდან ქვეყნის ეკონომიკის და გატარებული რეფორმების მიმართულებით. დამატებითი ფინანსური რესურსის ადგილობრივ ვალუტაში გამოყოფა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მხრიდან საქართველოს ეკონომიკისადმი მაღალი ნდობის ხარისხზე მიუთითებს და ჩვენი წარმატებული თანამშრომლობის ახალი ეტაპია. ვსარგებლობ შესაძლებლობით და აზიის განვითარების ბანკს მადლობას ვუხდი საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისთვის, რომლის მიზანია ჩვენი ქვეყნის მდგრადი და სტაბილური განვითარება“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

სამინისტროს ცნობით, აზიის განვითარების ბანკმა საქართველოში პროფესიული განათლების ხარისხისა და მასზე წვდომის გაუმჯობესების მხარდასაჭერად დაამტკიცა „თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმების სექტორის განვითარებისთვის“ ქვეპროგრამა-2, რომლის ფარგლებშიც საქართველოსთვის გამოყოფილი იქნება 68.2 მლნ ლარის ოდენობით ფინანსური რესურსი, რომელიც ბიუჯეტის მხარდამჭერ სესხს წარმოადგენს.