საახალწლო, კერძოდ, 28 დეკემბრიდან 12 იანვრის პერიოდში საქართველოში რუსი ტურისტების ჯავშნების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაორმაგდა.
ინფორმაციას რუსეთის ტურინდუსტრიის კავშირი სასტუმროებისა და აპარტამენტების ონლაინ-დაჯავშნის რუსულ სერვის Ostrovok-ის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სერვისი ჯავშნების ზრდას 2023 წლის მაისში საქართველოსთან პირდაპირი ავიარეისების განახლებას უკავშირებს და წერს, რომ ფრენების აღდგენიდან ერთ წელწადში, კერძოდ, 2024 წლის მაისიდან ნოემბრის ჩათვლით ქვეყანაში სასტუმროების ჯავშნების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 75%-ით გაიზარდა.
ასევე, იზრდება საქართველოს წილი უცხოური განსახლების ობიექტების ჯავშნების მთლიან მოცულობაში, რაც 2022 წლის 3%-იდან 2023 წელს 4%-მდე, წელს კი 5%-მდე გაიზარდა. აქვე Ostrovok ტრადიციულად ცალკე ასახელებს ოკუპირებულ რეგიონ აფხაზეთს და წერს, რომ უცხოურ ჯავშნებში საქართველო მხოლოდ ბელარუსს, თურქეთს, ტაილანდსა და აფხაზეთს ჩამორჩება.
„სავიზო შეზღუდვების არარსებობა და პირდაპირი ფრენების გაფართოება ლოგისტიკას რაც შეიძლება, მარტივსა და მოსახერხებელს ხდის, ამიტომ მოველით, რომ ამ მარშრუტზე მოთხოვნა მხოლოდ გაიზრდება,“ - წერს Ostrovok.
საქართველოში რუს ტურისტებს შორის ყველაზე დიდი მოთხოვნა ურბანულ, კერძოდ, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ქობულეთსა და ურეკში, ხოლო მთებიდან ყაზბეგსა და გუდაურში დასვენებაზე ფიქსირდება.
რაც შეეხება ფასებს, სერვისის მონაცემებით, წელს ქართულ სასტუმროებსა და აპარტამენტებში ერთი ღამის საშუალო ღირებულება 5,900 რუბლს (58 დოლარს) შეადგენს, რაც, 2023 წლის 5,300 რუბლთან (52 დოლართან) შედარებით, 11%-ით მეტია. აღსანიშნავია, რომ საახალწლო დღეებში ეს მაჩვენებელი, შარშანდელთან შედარებით, ოდნავ, ანუ 3%-ით შემცირებულია და 7,250 რუბლს (71 დოლარს) შეადგენს.
საქართველოში მოგზაურობისას რუსი ტურისტები ყველაზე ხშირად უპირატესობას ოთხვარსკვლავიან სასტუმროებს ანიჭებენ. მათი წილი მთლიან ჯავშნებში 27%-ს შეადგენს. უვარსკვლავო სასტუმროების წილი - 25%, სამვარსკვლავიანების - 24%, ხოლო აპარტამენტების წლი 11%-ია. ამასთან, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროების პოპულარობა წლის განმავლობაში გაორმაგდა და ჯავშნების სტრუქტურაში მათი წილი 4%-დან 8%-მდე გაიზარდა. ამ ტენდენციას Ostrovok ბოლო წლებში ხუთვარსკვლავიანი კატეგორიის ახალი ობიექტების გახსნას უკავშირებს.
რუსი ტურისტებიდან საქართველოში მოგზაურობა ტრადიციულად წყვილებს შორის არის პოპულარული. კერძოდ, უშვილო ორი ზრდასრული ადამიანის წილი მთლიანი ჯავშნების ნახევარზე მეტს, ანუ 55%-ს შეადგენს. სოლო-ტურისტების წილი 22%, ბავშვებიანი ოჯახების 16%, ხოლო სამ და მეტ მოზრდილთა ჯგუფების წილი 7%-ია.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ