სარფში მებაჟე ოფიცრებმა კანონდარღვევის რამდენიმე ფაქტი გამოავლინეს

სარფში მებაჟე ოფიცრებმა კანონდარღვევის რამდენიმე ფაქტი გამოავლინეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვები პუნქტ "სარფში", მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი გამოავლინეს. არადეკლარირებული საქონელი, 69,61 გრამი ოქროს ნაკეთობები, თურქეთის რესპუბლიკიდან შემომავალ საქართველოს მოქალაქე ა. რ.-ს აღმოაჩნდა. საქონლის ღირებულებამ 3440,82 ლარი შეადგინა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საგადასახადო კოდექსის მე-10 ნაწილის შესაბამისად, მგზავრს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 3440,82 ლარის ოდენობით.

კანონდარღვევის კიდევ ერთი ფაქტი დაფიქსირდა 2 ივლისს. კერძოდ, საბაჟო გამშვები პუნქტის, "სარფის" კონტროლის ზონაში თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა თურქეთის მოქალაქე ფ.ო., რომელსაც ფიზიკური დათვალიერების შედეგად მებაჟე ოფიცრებმა 8,32 გრამი კანაფის ფისი აღმოუჩინეს. ასევე კანაფის ფისი (0,07 გრამი) აღმოაჩნდა თურქეთის მოქალაქე ჰ.რ.-ს. ორივე საქმე შემდგომი რეაგირებისათვის საქართველოს შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარ სამმართველოს გადაეცა.