უცხოურმა ბანკებმა რუსული „გაზპრომბანკის“ მიერ გამოშვებული ჩინური UnionPay-ის გადახდის სისტემის ბარათების მომსახურება შეწყვიტეს, - ინფორმაციას News.az ავრცელებს.
მომსახურების მიწოდება შეწყვიტეს თურქეთის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, ტაილანდის, ტუნისის, უზბეკეთის, სამხრეთ აფრიკისა და სამხრეთ კორეის ადგილობრივმა ბანკებმა.
მედიის ინფორმაციით, ბანკომატიდან თანხის აღების მცდელობისას ჩნდება წარწერა, რომ „დაფიქსირდა ტექნიკური შეცდომა“ ან „ბარათი აღნიშნულ ბანკებს არ ემსახურება“. შეზღუდვა მოქმედებს, როგორც ინდივიდუალურ, ასევე კორპორაციულ UnionPay ბარათებზე.
ცნობისთვის, გადაწყვეტილებას წინ უძღოდა აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, რომელიც ათობით ფიზიკურ და იურიდიულ პირზე გავრცელდა. შეზღუდვები ამჯერად შეეხო „გაზპრომბანკსაც“, რომელიც წინა სანქციების პაკეტების დროს შეზღუდვებს არ ექვემდებარებოდა.