საქართველოს მოქალაქეების მიერ მოთხოვნილი აშშ-ის ტურისტული ვიზების თითქმის ნახევარი არ დაკმაყოფილდა - E-Consul

2023 წლის მონაცემებით, ამერიკის ტურისტული ვიზის გაცემის თვალსაზრისით რეგიონის ქვეყნებს შორის თურქეთი ლიდერობდა. ინფორმაციას E-Consul-ი ავრცელებს.

ამავე ინფორმაციის თანახმად, თურქეთის შემთხვევაში სავიზო მოთხოვნის 79% დადებით პასუხზე მოდიოდა, დანარჩენი კი უარყოფითზე. ამასთანავე, რეგიონის ქვეყნებში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი სომხეთს ჰქონდა და ამ შემთხვევაში დადებითი პასუხების რაოდენობა განაცხადების 49%-ს შეადგენდა.

„2023 წლის მონაცემებით, აშშ-ის B კატეგორიის, იგივე ტურისტული ვიზის გაცემის სტატისტიკის თვალსაზრისით, რეგიონში ლიდერობს თურქეთი, ვიზის გაცემის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი ფიქსირდება სომხეთის შემთხვევაში“, - აღნიშნულია E-Consul-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია ისიც, რომ რეგიონში საქართველოს მხოლოდ სომხეთზე უკეთესი მაჩვენებელი ჰქონდა. კერძოდ, დადებითი პასუხის რაოდენობა ნახევარზე ოდნავ მეტს, 51%-ს შეადგენდა.

აზერბაიჯანის შემთხვევაში ტურისტული ვიზების განაცხადის 64% დაკმაყოფილდა, რუსეთის შემთხვევაში კი 61%.

მერი ტაბატაძე