თბილისში პირველი ფიტოსანიტარული ლაბორატორია გაიხსნება

10 ივლისს თბილისში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი პირველი ფიტოსანიტარული ლაბორატორია გაიხსნება.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ განაცხადა, ლაბორატორიის არსებობას ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პირობების შესრულებისა და ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშესაწყობად განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

"ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული პროდუქტი, რომელიც ევროპულ ბაზარზე შესაძლოა გავიდეს, ქართული თაფლია. თუმცა, ლაბორატორიის უქონლობის გამო ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატის მისაღებად სინჯებს ევროპაში ვგზავნიდით. მისი ღირებულება 2000 ევრომდე აღწევდა, რაც ძვირი სიამოვნებაა. ამასთანავე, ხშირ შემთხვევაში, პროდუქცია სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა, თუმცა პასუხს დაგვიანებით ვიღებდით, ინტერაქცია ნაკლები იყო და პრობლემების გამოსწორების პროცესიც ჭიანურდებოდა", - აღნიშნა დანელიამ.

მინისტრის თქმით, ლაბორატორიის პირველი საზრუნავი იქნება, საერთაშორისო მასერტიფიცირებელი ორგანოდან შესაბამისი აკრედიტაცია მიიღოს. ლაბორატორიის საერთო ღირებულება 2,4 მილიონი ლარია, აქედან დაახლოებით, 800 ათასი ლარი ქართულმა მხარემ, თანხის ძირითადი ნაწილი კი საერთაშორისო დონორებმა გაიღეს.

ბელა ნოზაძე