„მაჩვენებელი ვერ ასახავს რეალობას“ - რამდენი უნდა იყოს „საცხოვრებელი ხელფასი“

„საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი თანამედროვე რეალობას ვერ ასახავს“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას პროფკავშირ „სოლიდარობის ქსელის“ გამგეობის წევრმა რევაზ კარანაძემ განაცხადა.

საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდი საქართველოში არაერთხელ გამხდარა კრიტიკის მიზეზი. თავად საქსტატში აცხადებდნენ, რომ საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდი მოძველებული იყო და მივიდოდით იმ მდგომარეობამდე, როცა ამ მაჩვენებელს აღარ დავთვლიდით.

ისევ ვითვლით საარსებო მინიმუმს?

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს გასული წლის ბოლომდე ყოველთვიურად აქვეყნებდა. ბოლო, 2023 წლის დეკემბრის მონაცემებით, საარსებო მინიმუმი 249 ლარით და 70 თეთრით იყო განსაზღვრული. მას შემდეგ საქსტატს მაჩვენებლები აღარ განუახლებია.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რატომ აღარ განუახლებია საქსტატს აღნიშნული მაჩვენებელი. როგორც საქსტატში განგვიცხადეს, საარსებო მინიმუმი ყოველი თვის ნაცვლად, წელიწადში ერთხელ გამოქვეყნდება.

რა არის საარსებო მინიმუმი?

„საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, საარსებო მინიმუმი არის სამომხმარებლო საქონელი ერთ მოსახლეზე, რომელიც „ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის შესაბამისად უზრუნველყოფს ადამიანის მინიმალური ფიზიოლოგიური და სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას“.

საარსებო მინიმუმი მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე გამოითვლება. მინიმალური სასურსათო კალათა მოიცავს 40 სასურსათო პროდუქტს, დაწყებული ხორბლის პურიდან, დამთავრებული რძის პროდუქტებით, ხორცეულით, თევზეულითა და ა.შ. თითოეული პროდუქციისთვის გამოყოფილია დღიური ულუფა იმგვარად, რომ მთელი დღის კალორაჟმა 2300 შეადგინოს.

„250 ლარად ფიზიკური გადარჩენა შეუძლებელია“

რევაზ კარანაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ საარსებო მინიმუმი არის მოძველებული, არ ასახავს რეალობას და ამცირებს ხელფასების ღირებულებას.

„საარსებო მინიმუმი პრობლემური მონაცემია იქიდან გამომდინარე, რომ ეს შემოიღეს 90-იანი წლებში, როდესაც ადამიანები საქართველოში ფიზიკური გადარჩენისთვის იბრძოდნენ. ეს მონაცემი თანამედროვე რეალობას ვერ ასახავს. პირველ რიგში, საარსებო მინიმუმი არის მოძველებული მეთოდი, ანგარიშდება მაგალითად, მაკარონსა და ზეთზე და კალორაჟი არის ძალიან დაბალი.

მეორე, დიდი პრობლემა არის ის, თუ როგორ დაიანგარიშება კალათა. 65% გათვლილი არის კვებაზე და 35% დანარჩენ ყველაფერზე - ჰიგიენა, ტრანსპორტირება, განათლება, კომუნალურები ქირა და სხვა, რაც აბსურდულია.

იმ შემთხვევაში, თუ კალათა შეიცვლებოდა და 35% იქნებოდა კვებაზე და 65% დანარჩენ ყველაფერზე, მაშინ აბსოლუტურად სხვა სურათს მივიღებდით და საარსებო მინიმუმი არ იქნებოდა დაახლოებით 250 ლარი. დღეს 250 ლარად ფიზიკურად გადარჩენა შეუძლებელია. საარსებო მინიმუმი არაფრის მომცემია, გარდა იმისა, რომ ამცირებს ხელფასების ღირებულებას“, - აღნიშნავს კარანაძე.

საარსებო მინიმუმი თუ საცხოვრებელი ხელფასი?

რევაზ კარანაძის თქმით, საარსებო მინიმუმის ცნება უნდა შეიცვალოს. უფრო კონკრეტულად, უნდა განისაზღვროს მინიმალური ხელფასი იმგვარად, რომ ეს პირდაპირ იყოს დაკავშირებული საცხოვრებელი ხელფასის რაოდენობასთან.

„საარსებო მინიმუმი უნდა ჩანაცვლდეს ისეთი მინიმალური ხელფასის განსაზღვრებით, რომელიც იქნებოდა პირდაპირ კავშირში საცხოვრებელ ხელფასთან და ნელ-ნელა შემოვა შემდეგ საცხოვრებელი ხელფასის ცნება.

ეს არის ის გამოანგარიშება, რომელსაც იყენებენ განვითარებული და განვითარებადი ქვეყნები დღეს. საცხოვრებელი ხელფასი განსაზღვრავს, ადამიანს რამდენი სჭირდება ცხოვრებისთვის და არა არსებობისთვის.

დღეს ქირის ჩათვლით დაახლოებით 2000 ლარის ფარგლებში არის ის, რაც მინიმუმ ადამიანს ერთ სამსახურში სრული დატვირთვის შემთხვევაში უნდა ჰქონდეს, რომ საქართველოში იცხოვროს და კვირაში ერთხელ კაფეშიც გავიდეს და 25 ლარი გადაიხადოს“, - განაცხადა კარანაძემ.

მერი ტაბატაძე