პარლამენტის ბიუჯეტი 104 მლნ ლარამდე იზრდება  - პროექტი

2025 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საქართველოს პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციების დაფინანსება თითქმის 20 მლნ ლარით იზრდება. კერძოდ, თუ მიმდინარე წელს დაფინანსება 86.636 მლნ ლარს შეადგენს, მომავალი წლის ასიგნებები 103.959 მლნ ლარი იქნება.

პროექტის მიხედვითვე, საქართველოს პარლამენტსა და მასთან არსებულ ორგანიზაციებში დასაქმებულთა რიცხოვნობა 1 182 ადამიანს შეადგენს, შრომითი ანაზღაურებაზე კი 53 916 500 ლარი დაიხარჯება. წელს ამ მუხლით გათვალისწინებულია 43 973 200, შესაბამისად, ზრდა 22%-ს აჭარბებს.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 25 ნოემბერს, XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება. პარლამენტის პრესსამსახურის თანახმად, საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა 12:00 საათზე გაიხსნება.

ცესკოს ოფიციალური შედეგების თანახმად, XI მოწვევის პარლამენტში ხუთი პოლიტიკური სუბიექტი შევიდა. სახელისუფლო უმრავლესობა პარტია “ქართულმა ოცნებამ“ შეინარჩუნა, რომელიც 89 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი. 19 მანდატი აქვს “კოალიციას ცვლილებებისთვის“, 16 მანდატი - “ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას“. პარლამენტში 14 წევრის შეყვანა შესძლო “ძლიერმა საქართველომ“, ხოლო პარტიას “გახარია საქართველოსთვის“ 12 მანდატი მიენიჭა.

“ქართული ოცნების“ გარდა, არცერთი ბარიერგადალახული პარტია ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტში შესვლას არ აპირებს.

იხილეთ ასევე: დღეს XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიხსნება