გია ჯაფარიძის აზრით, საბერძნეთის მთავრობა და კრედიტორები კიდევ ერთხელ შეეცდებიან, მოლაპარაკებები განაახლონ

საზოგადოება "ივერიის" წარმომადგენლის, კვიპროსში საქართველოს საელჩოს საქმეთა ყოფილი დროებითი რწმუნებულის გია ჯაფარიძის აზრით, საბერძნეთის მთავრობა და კრედიტორები კიდევ ერთხელ შეეცდებიან, მოლაპარაკებები განაახლონ და ახალ ხელშეკრულებამდე მივიდნენ.

როგორც ჯაფარიძემ განაცხადა, საბერძნეთში გუშინ გამართული რეფერენდუმის შემდეგ შესაძლებელია, მოვლენები ყველა სცენარით განვითარდეს, მათ შორის, საბერძნეთს მოუწიოს ევროზონის დატოვება. ჯაფარიძე ხაზს უსვამს, რომ ქვეყანა კრიზისამდე მიიყვანა უპასუხისმგებლო მემარცხენე პოლიტიკამ, რომელსაც საბერძნეთის მთავრობები ათწლეულების განმავლობაში ახორციელებდნენ და რომელიც, სახელმწიფოსთვის უკიდურესად დიდი სოციალური ვალდებულებების აკიდებაში გამოიხატებოდა. გია ჯაფარიძის თქმით, უპასუხისმგებლო მემარცხენე პოლიტიკას ატარებდა როგორც სოციალისტური პარტია, ისე მემარჯვენე ცენტრისტული პარტია "ახალი დემოკრატია" და ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ არსებული რეალობა კონკრეტულად ციპრასის ბრალია.

"ციპრასმა გადაწყვიტა, რომ პასუხისმგებლობა ხალხისთვის გადაებარებინა და ჩაატარა ეს რეფერენდუმი. შედეგად, 61%-მა კრედიტორების წინადადებაზე უარი თქვა. ახლა მოვლენების განვითარების ნებისმიერი სცენარი არის შესაძლებელი, მათ შორის ის, რომ საბერძნეთს ევროზონის დატოვება მოუწიოს. არც ერთ ხელშეკრულებაში არ არსებობს რაიმე მექანიზმი, როგორ უნდა გავიდეს ევროზონიდან ან თუნდაც ევროპის კავშირიდან ქვეყანა, თუმცა მექანიზმის გამოძებნა რთული არ იქნება. ევროპის კავშირს არ ახსოვს შემთხვევა, როდესაც მისი წევრი რომელიმე სახელმწიფო გაკოტრებულიყო. საბერძნეთის გაკოტრება კი აბსოლუტურად რეალური საფრთხეა იქიდან გამომდინარე, დაეხმარებიან თუ არა მას. როგორი იქნება ევროპის კავშირის პასუხი, ძალიან ბევრ რამეზე არის დამოკიდებული. თუ ციპრასი არის პასუხისმგებელი თავის ამომრჩეველთან, ასევე პასუხისმგებლები არიან ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოების მთავრობები თავიანთ ამომრჩევლებთან. საბერძნეთისთვის უპირობო დახმარების განახლების წინააღმდეგნი არიან სკანდინავიის ქვეყნების და ევროპის სხვა სახელმწიფოების მთავრობები და არა მხოლოდ გერმანია, როგორც ამას ბერძნები წარმოაჩენენ. პირადად ჩემი აზრია, რომ ორივე მხარე, ანუ, ერთი მხრივ, კრედიტორები – ევროპის კავშირი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მეორე მხრივ, საბერძნეთის მთავრობა, კიდევ ერთხელ შეეცდებიან, რომ მოლაპარაკებები განაახლონ და ახალ, ლოგიკურ ხელშეკრულებამდე მივიდნენ. რას დათმობს საბერძნეთი და რას - ევროკავშირი, ეს დეტალების საქმეა", - განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, მოლაპარაკებების განახლების ნიშანია ფინანსთა მინისტრი იანის ვარუფაკისი, რომელიც რეფერენდუმის მომხრე იყო და მოიგო კიდეც ეს რეფერენდუმი, თანამდებობიდან გადადგა, რათა საბერძნეთის მხარეს მოლაპარაკებების მაგიდასთან ტვირთი შეუმსუბუქოს. გარდა ამისა, პოლიტიკური პარტიების ლიდერების სხდომა იმის წინაპირობაა, რომ საბერძნეთი ფართო კონსენსუსის პოზიციით წარსდგეს.

საბერძნეთში რეფერენდუმი 5 ივლისს გაიმართა. არჩევნებში მონაწილეთა უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა ევროკომისიის, ევროპის ცენტრალური ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის წინადადებას, რომელიც, მათ შორის, ეკონომიკური რეფორმების გატარებას ითვალისწინებდა. ევროზონის ლიდერების პოზიციაა, ათენმა გადასახადები გაზარდოს და სოციალურ პროგრამებზე სახელმწიფო ხარჯები შეამციროს, რასაც ქვეყნის მთავრობა ეწინააღმდეგება. საბერძნეთის ფინანსთა მინისტრმა იანის ვარუფაკისმა კი გადადგომის შესახებ განაცხადა. როგორც ბერძენი მაღალჩინოსანი საკუთარ ბლოგზე წერს, რეფერენდუმის შედეგების გამოცხადების შემდეგ მან გაიგო, რომ ევროჯგუფის ლიდერებს მოლაპარაკებებში მისი ჩართვა არ სურთ, რაც მისი თანამდებობიდან წასვლის მიზეზი გახდა.

გუშინ ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად, ბერძენმა ამომრჩეველმა მხარი არ დაუჭირა დახმარების სანაცვლოდ რეფორმების გატარების შესახებ ევროზონის ლიდერების წინადადებას.