ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში - ჭოუ ციენი
დღესდღეობით რეგიონული კონფლიქტები გრძელდება. გლობალური ეკონომიკის პერსპექტივები ძნელად ამოსაცნობია. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩინეთს უპირატესობა აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულებით, მათ შორისაა: ინსტიტუციური უპირატესობები, ფართომასშტაბიანი ბაზრის მოთხოვნები, სრულყოფილი დამხმარე სამრეწველო სისტემით აწყობილი მიწოდება და დიდი რაოდენობით კვალიფიცირებული მუშახელი და სამეწარმეო ტალანტი,- წლის დასაწყისიდან მთლიანობაში ეკონომიკურ სტაბილურობას ინარჩუნებს, თანაც ისე, რომ წინსვლაც აქვს. ამ უპირატესობების გამო, ჩინეთის ეკონომიკის სიცოცხლისუნარიანობა და სიმტკიცე კარგად გამოჩნდა. მიმდინარე წლის პირველ სამ კვარტალში ორმხრივი ვაჭრობა 160 ქვეყანასა და რეგიონთან გაიზარდა, იმპორტ-ექსპორტის საერთო რაოდენობამ რეკორდულად მაღალ მაჩვენებელს მიაღწია, მშპ-ის ზრდის ტემპით იგი მსოფლიოს წამყვან ეკონომიკებს შორის მოწინავე ადგილზეა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყნის ეკონომიკაში გრძელვადიანი დადებითი ტენდენციები არ შეცვლილა. როგორ უნდა შეფასდეს ჩინეთის ამჟამინდელი ეკონომიკური ტენდენციები? როგორ მუშაობს მისი ეკონომიკური პოლიტიკა? რამდენად ეფექტურია მასტიმულირებელი პაკეტი? ქვემოთ ამ საკითხებზე გაგიზიარებთ ინფორმაციას.
- მაკრორეგულირება და მეტი ძალების მობილიზება ყველა გარემოების გათვალისწინებით
26 სექტემბერს, პრეზიდენტ სი ძინფინგის ხელმძღვანელობით, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს სხდომა ჩატარდა, რომელზეც შემდგომი ეკონომიკური საქმიანობა განისაზღვრა. მთავრობამ მასტიმულირებელი პაკეტი შეიმუშავა შიდა მოთხოვნის, ინვესტიციების და მოხმარების გაზრდის მიზნით. შედეგად, ჩინეთის კაპიტალის და უძრავი ქონების ბაზრებზე განვითარების ტენდენციები გაჩნდა, ხოლო სამრეწველო წარმოების, საერთაშორისო ვაჭრობისა და მომსახურების სფეროს მაჩვენებლები გაუმჯობესდა, რამაც საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო. სინგაპურის სახელმწიფო მრჩევლის ლი სიენლუნგის აზრით, ჩინური მხარის ზომები ხელს უწყობს ნდობისა და მოთხოვნის გაზრდას. გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და საგარეო ვაჭრობის ფედერალური ასოციაციის თავმჯდომარის მაიკლ შუმანის თქმით, მასტიმულირებელმა პაკეტმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ბაზარზე ნდობის გაძლიერებაში, ჩინეთის ეკონომიკამ შეინარჩუნა ზრდა, რასაც დიდი დატვირთვა აქვს გლობალური ბაზრისთვის.
- სტაბილურობაზე დაფუძნებული პროგრესი და ახალი ხარისხის საწარმოო ძალების დაჩქარებული ფორმირება
ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნების კვალდაკვალ, ჩინეთი მუდამ ცდილობს პროგრესისთვის იმპულსის შექმნას. აქ გაკეთდა მსოფლიოში უდიდესი ქარის საზღვაო ტურბინა და ეროვნული წარმოების პირველი ავტომატიზებული მძიმე ტვირთის მატარებელი. წლის დასაწყისიდან, ინოვაციური მიღწევები ერთიმეორის მიყოლებით ჩნდება. ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, ინოვაციის გლობალურ ინდექსში ჩინეთი მე-11 ადგილზე დაწინაურდა და ბოლო ათი წლის განმავლობაში ყველაზე სწრაფად მზარდი ინოვაციური ძალის მქონე ეკონომიკა გახდა. „სამეცნიერო და ტექნოლოგიური ინოვაციების კლასტერების ტოპ 100“-დან - 26 ჩინეთშია წარმოდგენილი, რაც ქვეყნის ინოვაციური განვითარებისთვის ძლიერ იმპულსსა და ფართო პერსპექტივას ქმნის. მნიშვნელოვანი ინოვაციური მიღწევები ერთიმეორის მიყოლებით ჩნდება. ზოგიერთ უახლეს დარგში ჩინეთის შედეგები სხვების პარალელურია, ზოგიერთ ასპექტში კი -უკვე ლიდერობს კიდეც. მისი სამეცნიერო-ტექნოლოგიური ძალა რაოდენობრივიდან ხარისხობრივზე ნახტომისებურად ვითარდება. პროგრესი ერთეული გარღვევებით აღარ შემოიფარგლება, მთლიანი, სისტემური შესაძლებლობები უმჯობესდება. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ვირტუალური რეალობის მოწყობილობების წარმოება - 11%-ით, ელექტრომობილების სატენი მოწყობილობების წარმოება - 57.2%-ით, ხოლო ახალი ენერგეტიკული მანქანების წარმოება - 33.8%-ით არის მომატებული. ამ წლის პირველ სამ კვარტალში მაღალფასიანი, „ჭკვიანი“ და „მწვანე“ პროდუქციის წარმოება კიდევ უფრო გაფართოვდა. მაღალტექნოლოგიური (დადგენილ ნორმაზე) მსხვილი მრეწველობის დამატებითი ღირებულება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, - 9.1%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ცალკეული სახელმწიფოს მხრიდან „კავშირების გაწყვეტის“ გზით ბლოკირებისა და ზეწოლის მიუხედავად, მიმდინარე წლის ინვარ-ოქტომბერში ჩინეთიდან მიკროსქემების ექსპორტი 21.4%-ით გაიზარდა და 931,1 მილიარდი იუენი შეადგინა. ამით მიკროსქემების ექსპორტმა ავტომობილებსა და ელექტრომექანიკურ პროდუქციას გადაასწრო და ჩინეთის უმთავრესი საექსპორტო პროდუქტი გახდა.
ჩინეთი სხვა ქვეყნებზე გაცილებით მეტ ინვესტიციას დებს განახლებად ენერგიაში. 2014-2023 წწ. მან ამ მიმართულებით $1,572 მილიარდის ინვესტიციები განახორციელა, რაც სამჯერ აღემატება აშშ-ის ($550 მილიარდი) და ორჯერ - ევროპულ ($785 მილიარდი) ინვესტიციებს. ამასთან, ჩინეთი ქარის და ფოტოელექტრული ენერგიის ინდუსტრიაში ტექნიკის უმსხვილესი მწარმოებელია. 2023 წელს ქარის და მზის ენერგიის ახალი დანადგარების ორი მესამედი ჩინეთში დამონტაჟდა. იგი მწვანე ტრანსფორმაციის გლობალური ლიდერია. ბოლო ათი წლის განმავლობაში მსოფლიოში ქარის ენერგიის წარმოების ღირებულება 60%-ით, ხოლო მზის ენერგიის - 80%-ით შემცირდა, რაც დიდწილად განახლებადი ენერგიის სფეროში ჩინეთის კონტრიბუციითაა განპირობებული. ჩინეთიდან განხორციელებული ქარის და ფოტოელექტრული ენერგოსისტემების ექსპორტის შედეგად, გლობალური ემისიები 2.83 ტონით შემცირდა. ქვეყნის ეკონომიკაში ახალი ხარისხის საწარმოო ძალების ფორმირება სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, რაც ეკონომიკის ფუნქციონირებისთვის ახალ იმპულსსა და უპირატესობებს აჩენს.
- გარე სამყაროსთან მაღალი დონის გახსნილობა მსოფლიო ეკონომიკის განვითარებას განაპირობებს
ივლისში ჩინეთის კომპარტიის მეოცე ყრილობის ცენტრალური კომიტეტის მესამე პლენუმი ჩატარდა, რომელზეც მიღებულ იქნა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ყოვლისმომცველი რეფორმების და ჩინური სტილის მოდერნიზაციის ხელშეწყობის თაობაზე. ჩინეთი გარე სამყაროსთან მაღალი დონის გახსნილობით ღია მსოფლიო ეკონომიკას აშენებს და მზადაა, საქართველოს და სხვებსაც გაუზიაროს განვითარების შესაძლებლობები. მრავალი წელია, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით, იგი ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა სხვა წამყვან ეკონომიკებს შორის. ამასთან, წლებია, რაც მსოფლიო ეკონომიკის ზრდაში მისი წვლილი 30%-ს აჭარბებს. ჩინეთი აქტიურად უწყობს ხელს გლობალური ვაჭრობის განვითარებას. იგი მტკიცედ უჭერს მხარს ვაჭრობის ლიბერალიზაციას. იგი 140-ზე მეტი ქვეყნის თუ რეგიონის მთავარი სავაჭრო პარტნიორია. მან უკვე 29 ქვეყანასა თუ რეგიონთან 22 შეთანხმება გააფორმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. მიმდინარე წლის პირველ სამ კვარტალში, ჩინეთის საგარეო ვაჭრობა 5.3%-ით გაიზარდა და რეკორდული მაჩვენებელი - 32 ტრილიონი იუენი (დაახლოებით $4.5 ტრილიონი) შეადგინა. აღსანიშნავია, რომ იმპორტის მოცულობა ზრდას განაგრძობს. ამასთან, 160 ქვეყანასა თუ რეგიონთან ორმხრივმა ვაჭრობამაც მოიმატა. ჩინეთი ასევე მზადაა ყველაზე ნაკლებად განვითარებული ქვეყნების სპეციალიზებული ნაწარმის თავის ბაზარზე იმპორტს შეუწყოს ხელი და ცალმხრივად, კიდევ უფრო გააფართოოს ამ ქვეყნებთან გახსნილობა. მიმდინარე წლის 1 დეკემბრიდან, ჩინეთთან დიპლომატიური ურთიერთობების მქონე, ყველაზე ნაკლებად განვითარებული ქვეყნებიდან წარმოშობილ, სატარიფო ნომენკლატურით განსაზღვრულ ყველა პროდუქტზე, - ნულოვანი საბაჟო ტარიფი ამოქმედდება. ეს ქმედება ერთობლივი განვითარების მიღწევის მიზანს ემსახურება. კვლევამ აჩვენა, რომ ჩინეთში მოხმარების დონის 1%-იან ზრდას ტრილიონზე მეტის ინვესტიციის სტიმულირების მოხდენა შეუძლია.
- მხარში დგომისა და ჩინურ-ქართული თანამშრომლობისთვის შესაფერისი დროა
ჩინეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას კარგი საფუძველი აქვს. უვიზო რეჟიმის ამოქმედებით (ჩინეთის მოქალაქეებისთვის გასული წლიდან, ხოლო საქართველოს მოქალაქეებისთვის ამ წლის მაისიდან) - ორ ქვეყანას შორის მიმოსვლისათვის ხელსაყრელი პირობები შეიქმნა. ჩინეთი დიდი ხანია, საქართველოს წამყვანი სავაჭრო პარტნიორის სტატუსს ინარჩუნებს. ქართულ ბაზარზე თანდათან შემოვიდა ელექტრომექანიკური, ფოლადის, ქიმიური და სხვა ჩინური პროდუქტები. თავის მხრივ, ქართულმა ღვინომ, მინერალურმა წყალმა და სხვა მაღალხარისხიანმა ნაწარმმა ჩინელი მომხმარებლის კეთილგანწყობა დაიმსახურა. საინვესტიციო სფეროში თანამშრომლობა სტაბილურად ვითარდება. საქართველოში ჯამში დაახლოებით $800 მილიონის ინვესტიციები განხორციელდა ჩინეთიდან. ენერგეტიკის, ინდუსტრიული პარკების, საფინანსო და სხვა სფეროებში საინვესტიციო თანამშრომლობა იზრდება. სექტემბერში ორი ქვეყნის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა „ურთიერთგაგების მემორანდუმს ჩინეთ-ევროპის სარკინიგზო ექსპრესისთვის სატრანსპორტო დერეფნების, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარების შესახებ“, რაც „სარტყლისა და გზის“ ინიციატივასა და „შუა დერეფნის“ სტრატეგიულ კონცეფციას შორის თავსებადობას მნიშვნელოვნად გაზრდის. ჩინური კომპანიები საკუთარი უპირატესობების რეალიზებას ბოლომდე ახდენენ. ისინი მონაწილეობენ თანამედროვე სარკინიგზო მაგისტრალის, E60 ავტობანისა და სხვა სატრანსპორტო ქსელების მშენებლობაში, რითაც საქართველოს მთავარი პარტნიორები არიან ინფრასტრუქტურის მშენებლობაში და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში. ჩინეთი მზადაა, განაგრძოს ქართულ მხარესთან მუშაობა განახლებადი ენერგიის, ელექტრონული კომერციის, მწვანე და ციფრული ეკონომიკის და სხვა სფეროებში თანამშრომლობის გასაძლიერებლად, გლობალური ემისიების შემცირებაში წვლილის შესატანად, განვითარების პოტენციალის მაქსიმალურად ასათვისებლად, და რაც მთავარია, ერთმანეთთან თანადგომით ურთიერთსარგებლიანი, უფრო მდგრადი და ნათელი მომავლის შესაქმნელად.
(R)