მარნეულის მუნიციპალიტეტში 8 მოქალაქეს მიწის ნაკვეთების ნაწილი ჩამოერთმევა. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ბრძანებაშია აღნიშნული.
დოკუმენტის მიხედვით, საერთაშორისო მნიშვნელობის აღმოსავლეთ - დასავლეთის გზის მე-4 საინვესტიციო პროექტი რუსთავი-წითელი ხიდის და რუსთავი-სადახლოს საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტი უნდა ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭება ექსპროპრიაციის უფლება. შედეგად, პროექტის არეალში მოქცეულ, 8 მოქალაქეს, ჯამში 26 260 კვ.მ მიწის ნაკვეთი ჩამოერთმევა.
უფრო კონკრეტულად, მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახლოლალოში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების - 76 000 კვ.მ მიწის ნაკვეთის 22 204 კვ.მ მიწის ნაწილი;
მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ შულავერში მდებარე, სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების – 2 480 კვ.მ მიწის ნაკვეთის - 865 კვ.მ ნაწილი და მასზე არსებული მრავალწლიანი ნარგავები;
მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ დამია-გეურარხში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების – 1723 კვ.მ მიწის ნაკვეთის 1110 კვ.მ მიწის ნაწილი და მასზე არსებული მრავალწლიანი ნარგავები;
მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ არაფლოში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების – 8094 კვ.მ მიწის ნაკვეთის 2081 კვ.მ მიწის ნაწილი და მასზე არსებული მრავალწლიანი ნარგავები;
მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფელ შულავერში მდებარე, სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების 1 250 კვ.მ მიწის ნაკვეთის 227 კვ. მ მიწის ნაწილი.
8 მოქალაქეს აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება 1 თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში შეუძლია.
შეგახსენებთ, ადგილზე საავტომობილო გზების დეპარტამენტი საერთაშორისო მნიშვნელობის აღმოსავლეთ-დასავლეთის გზის მე-4 საინვესტიციო პროექტის რუსთავი-წითელი ხიდისა და რუსთავი-სადახლოს საავტომობილო გზების (ლოტი 3-4) მშენებლობის პროექტებს ახორციელებს. პროექტი ფინანსდება ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ, საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის 2019 წლის 19 თებერვალს გაფორმებული ფინანსური ხელშეკრულების ფარგლებში.
აღნიშნული პროექტით გათვალისწინებულია ოთხზოლიანი საავტომობილო გზის მშენებლობა, ორდონიანი გადაკვეთებით. პროექტი შედგენილია აღიარებული საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, როგორიცაა ტრანსევროპული საავტომობილო სტანდარტები, AASHTO და ევროპული სტანდარტები.