2024 წლის 10 თვის განმავლობაში საქართველოდან რეექსპორტზე 88 235 ავტომობილი გავიდა, ჯამურმა ღირებულებამ კი 2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
ავტომობილების რეექსპორტიდან მიღებული შემოსავლების უდიდესი ნაწილი, 48% ყირგიზეთზე მოდიოდა. კერძოდ, საქართველომ აღნიშნულ საექსპორტო ბაზარს 963.9 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 27 200 ერთეული ავტომობილი მიაწოდა.
რაც შეეხება ფასს, ერთი მსუბუქი ავტომობილი ყირგიზეთში საშუალოდ 35 439 დოლარად გადიოდა (გადასახადების გარეშე).
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა კომპანიებით, რომელიც ყირგიზეთში ყველაზე დიდი რაოდენობით ავტომობილების რეექსპორტს ახორციელებს. საქსტატის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, TOP 5 კომპანია ასე გამოყურება: შპს „ალთიმეით მოტორსი“, შპს „ბი თუ ბი“, შპს „გარაჟ შოპი“, შპს „თბ ექს“ და შპს „კავკასიის ავტოიმპორტი“.
„ალთიმეით მოტორსი“ სამეწარმეო რეესტრში 2020 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის მთლიანი წილების მფლობელად და დირექტორად თურქეთის მოქალაქე აბდულკადირ კარგიდანოღლუ ფიქსირდება.
„კავკასიის ავტოიმპორტი“ სამეწარმეო რეესტრში 2004 წელს დარეგისტრირდა. წილების 27.9%-ს ლევან სურგულაძე ფლობს, მისი წილებს კი გიორგი სურგულაძე მართავს, რომელიც საქართველოსა და აშშ-ის მოქალაქეა. გარდა ამისა, გიორგი სურგულაძე ფლობს კომპანიის 34.875%-საც. წილების 10%-ს ფლობს დავით გულაშვილი, ხოლო დარჩენილ 27.225%-ს გიორგი გულაშვილი.
სამეწარმეო რეესტრში 2017 წელს დარეგისტრირდა „ბი თუ ბი“. მონაცემების თანახმად, კომპანიის 100%-იან წილებს ნინო გველესიანი ფლობს.
„გარაჟ შოპი“ რეესტრში 2017 წელს არის რეგისტრირებული. მისი დირექტორი და მთლიანი წილების მესაკუთრე დანიელ გრიგორიანია.
2021 წელს რეგისტრირებული „თბ ექს“-ის დირექტორი ირაკლი გურჩიანია. ისვე ფლობს კომპანიის წილების 100%-ს.