იტალიაში ღვინის მოხმარება 25%-ით შემცირდა

იტალიაში ღვინის მოხმარება 20 წლის განმავლობაში 25%-ით შემცირდა. ამის შესახებ კვლევითი კომპანია Nomisma Wine Monitor-ის მონაცემებში წერია, რასაც Gambero Rosso ავრცელებს.

კერძოდ, თუ 2003 წელს იტალიელებმა 29,3 მლნ ჰექტოლიტრი ღვინო მოიხმარეს, 2023 წელს ეს მოცულობა 21,8 მლნ ჰექტოლიტრამდე შემცირდა.

კვლევის თანახმად, ღვინის პრეფერენციები (მოხმარების წესი) ახალგაზრდა მომხმარებელთა შორის იცვლება. კერძოდ, 93% ღვინოს ეკოლოგიური სერტიფიკატებით ეძებს, 59%-ს ღვინო გამჭვირვალე მინის შეფუთვაში ურჩევნია, 53% დაბალალკოჰოლიან, ხოლო 11% ღვინოს ალუმინის ქილებში ირჩევს.

იტალიის მეღვინე ქალთა ასოციაციის პრეზიდენტი, დანიელა მასტრობერარდინო მიიჩნევს, რომ იტალიური ღვინის ინდუსტრიის ყურადღება, კონკრეტულად, დაბალალკოჰოლიანი და უალკოჰოლო ღვინოების წარმოებაზე უნდა იყოს ფოკუსირებული.

არსებული პროგნოზით, მიმდინარე წლის ბოლოსთვის იტალიაში ღვინის წარმოება 4,1 მლრდ ლიტრს შეადგენს, რაც, წინა წელთან შედარებით, თითქმის, 7%-ით მეტი, თუმცა ბოლო ხუთი წლის საშუალო მაჩვენებელზე, ანუ 4,6 მლრდ ლიტრზე მნიშვნელოვნად დაბალია.

ცნობისთვის: საფრანგეთში 2023 წელს ღვინის წარმოებამ მოთხოვნას 10%-ით გადააჭარბა. საფრანგეთის მთავრობის ოფიციალური მონაცემებით, 1960-იან წლებში საშუალოსტატისტიკური ზრდასრული ფრანგი წელიწადში 120 ლიტრ ღვინოს მოიხმარდა, დღეს კი ეს მაჩვენებელი 40 ლიტრამდე დაეცა, რისი ცვლილების ნიშნები არ შეინიშნება. ამასთან, გასულ წელს ფრანგული ღვინის ექსპორტი 9,4%-ით შემცირდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ