ვის ეკუთვნის კომპანიები, რომელსაც ავტომობილები ყაზახეთში გაჰყავს

2024 წლის 10 თვეში საქართველომ ავტომობილების რეექსპორტიდან 2 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების შემოსავალი მიიღო. ჯამში საანგარიშო პერიოდში ექსპორტზე გავიდა 88 235 ერთეული მსუბუქი ავტომობილი.

იანვარ-ოქტომბერში რაოდენობრივად ყველაზე მეტი ავტომობილი ყაზახეთში გავიდა, ღირებულების კუთხით კი ყაზახეთს ყირგიზეთი უსწრებდა. საანგარიშო პერიოდში ყაზახეთში 41 419 ავტომობილის ექსპორტი განხორციელდა, ჯამურმა ღირებულებამ კი 620 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

„ბიზნესპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ საქსტატის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ იმ კომპანიების ხუთეული, რომელმაც საანგარიშო პერიოდში ყაზახეთში ყველაზე დიდი რაოდენობის ავტომობილების ექსპორტი განახორციელა ასე გამოყურება: შპს „აუტოპოისკ“, შპს „ბი თუ ბი“, შპს „გლობალ აუტო იმპორტ“, შპს „კავკასიის ავტოიმპორტი“ და შპს „ქარექსპრესსი“.

ვის ეკუთვნის კომპანიები, რომელსაც ავტომობილები ყაზახეთში გაყავს?

„კავკასიის ავტოიმპორტი“ სამეწარმეო რეესტრში 2004 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის 27.9%-ს ლევან სურგულაძე ფლობს, მისი წილებს კი გიორგი სურგულაძე მართავს, რომელიც საქართველოსა და აშშ-ის მოქალაქეა. გარდა ამისა, გიორგი სურგულაძე ფლობს კომპანიის 34.875%-საც. წილის 10%-ს ფლობს დავით გულაშვილი, ხოლო დარჩენილ 27.225%-ს გიორგი გულაშვილი.

სამეწარმეო რეესტრში 2017 წელს დარეგისტრირდა „ბი თუ ბი“. მონაცემების თანახმად, კომპანიის 100%-იან წილს ნინო გველესიანი ფლობს.

აუტოპოისკ“-ი სამეწარმეო რეესტრში 2022 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის დირექტორი და 100%-იანი წილების მფლობელი ბელარუსის მოქალაქე სიარეი ახრამჩუკია.

2020 წელს დაფუძნებული „გლობალ აუტო იმპორტ“-ის მფლობელი მიხეილი ზღუდაძეა. ზღუდაძე თავად იკავებს დირექტორის პოსტსაც.

ქარექსპრესსი“ 2011 წელს არის სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებული. კომპანიის მესაკუთრე და დირექტორი შოთა ჟვანიაა.

მერი ტაბატაძე