„კადრების გადინება რომ მოხდება, მოგვიწევს აზიიდან წამოსული ემიგრანტებით ჩანაცვლება“ - რევაზ კარანაძე

„ეკონომიკა ვერ განვითარდება, თუ არ მოხდება მუშახელის განვითარება და სხვა ტიპის ეკონომიკაზე გადასვლა“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას პროფკავშირ „სოლიდარობის ქსელის“ გამგეობის წევრმა რევაზ კარანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანაში მოქალაქეების მცირე ნაწილი იქნება საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობით კმაყოფილი და ეს ემიგრაციის მაჩვენებლებში აისახება.

„ქვეყანაში მსყიდველუნარიანობის პარიტეტი დაბალია, ადამიანები დამოკიდებული არიან საზღვარგარეთ დასაქმებული ოჯახის წევრების გზავნილებზე. ხელფასები არ იზრდება, შემოდის უცხოურ კაპიტალი საქართველოში, უცხო ქვეყნის მოქალაქეები აქ ცხოვრობენ, აქედან მუშაობენ, თუმცა მოსახლეობა თუ არ გააქირავებს მათზე ბინას, სარგებელს ვერ ნახულობს. მაგალითად, ბათუმში მთლიანად გაყიდულია ბინები რუსებზე, ბელარუსებზე და უკრაინელებზე. უცხოური კაპიტალი ხშირ შემთხვევაში ისე შემოედინება, რომ აქედან ბევრად მეტი გაქვთ, ვიდრე აქ ხელფასების სახით, ტექნოლოგიური განვითარების კუთხით ტოვებენ“, - აღნიშნავს კარანაძე.

"ქვეყანა არის გადაქცეული იაფ მუშახელად, რომელიც ვერ ვითარდება"

სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ქვეყნიდან კადრების გადინება ხდება. კარანაძე აღნიშნავს, რომ მუშახელის დეფიციტის პარალელურად, კადრების უცხო ქვეყნის მოქალაქეებით ჩანაცვლება განხორციელდება.

„ქვეყანა არის გადაქცეული იაფ მუშახელად, რომელიც ვერ ვითარდება. ეკონომიკა ვერ განვითარდება, თუ არ მოხდება მუშახელის და დასაქმებულების განვითარება და სხვა ტიპის ეკონომიკაზე გადასვლა. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვიქნებით იმ მდგომარეობაში, როცა მხოლოდ მცირე ნაწილი იქნება ეკონომიკურად კმაყოფილი, ხოლო მასა წავა ქვეყნიდან. მშრომელი კადრების გადინება რომ მოხდება, მოგვიწევს უცხოელებით ჩანაცვლება - ეს იქნებიან აღმოსავლეთიდან, აზიიდან წამოსული ემიგრანტები, როგორც ეს ხდება მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა რევაზ კარანაძემ.

მერი ტაბატაძე