"ნაციონალური მოძრაობა" "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით ალტერნატიულ წინადადებას წარმოადგენს

"ნაციონალური მოძრაობა" "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტისთვის ალტერნატიული წინადადების შეთავაზებას გეგმავს.

"ჩემი ინფორმაციით, პროცესში ჩართული არიან ჩვენი უცხოელი პარტნიორები, იმ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომელთაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკმაოდ გასაგები და მკაფიო წერილი მოიწერეს. დაველოდებით, რაზე ჩამოყალიბდება საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, გაიზიარებს თუ არა მათ შენიშვნებს და თუ ეს შენიშვნები არ გაიზიარა, მაშინ ჩვენ ალტერნატიულ წინადადებას დავაყენებთ", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ოპოზიციონერმა დეპუტატმა მიხეილ მაჭავარიანმა.

პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც ბანკის შემადგენლობიდან საბანკო სექტორის ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფას ითვალისწინებს. საკანონმდებლო პაკეტზე მუშაობა მეორე მოსმენით მიმდინარე კვირას გაგრძელდება.