ლევან დავითაშვილი - მომდევნო 4 წელიწადში 600-ზე მეტ დასახლება გაზიფიცირდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის ენერგეტიკული პოლიტიკის მთავარ მიზნებად ენერგოდამოუკიდებლობის და ენერგოუსაფრთხოების მაქსიმალური გაძლიერება დაასახელა.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ლევან დავითაშვილმა დადებითად შეაფასა ენერგეტიკული პოლიტიკა გასული 12 წლის განმავლობაში. კერძოდ, მისი თქმით, წარმატებით განხორციელდა 63 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, რომელთა დადგმული სიმძლავრე 800 მეგავატამდეა, ხოლო მათი წლიური გამომუშავება 3 მლრდ კილოვატსაათს აღემატება.

მისივე თქმით, აშენდა ორი თანამედროვე თბოელექტროსადგური, ჯამური დადგმული სიმძლავრით 461 მეგავატი და წლიური გამომუშავებით 3 200 გვტ.სთ.

მინისტრობის კანდიდატის თქმით, აქტიურად მიმდინარეობს განახლებადი რესურსების ათვისებაზე მუშაობა როგორც ჰიდრო, ისე ქარის და მზის სადგურების მიმართულებით.

გაზიფიცირება მინისტრობის კანდიდატის გამოსვლის კიდევ ერთი პრიორიტეტული მიმართულება იყო. მისი თქმით, 2013-2024 წლებში აქტიურად მიმდინარეობდა გაზიფიცირების სამუშაოები და 377 ათას აბონენტს მიეცა ბუნებრივ გაზზე წვდომა, შედეგად, ბუნებრივი აირით უზრუნველყოფილია შინამეურნეობების 92%-ი, რაც ერთ-ერთი მაღალია მსოფლიოში.

მინისტრობის კანდიდატმა აქცენტი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზეც გააკეთა, რომელიც საქართველოს ევროპულ ენერგეტიკულ სისტემასთან თავისუფალი წვდომის საშუალებას მისცემს.

მისი თქმით, საერთაშორისო კვლევამ დაადასტურა, რომ პროექტი ტექნიკურ-ეკონომიკურად განხორციელებადია. ლევან დავითაშვილის განცხადებით, პროექტი საქართველოს საშუალებას მისცემს, ევროპის ქვეყნებში ელექტროენერგიის პირდაპირი ექსპორტი განახორციელოს. მისი ინფორმაციით, პროექტის დასრულება 2030 წლისთვისაა დაგეგმილი.

რაც შეეხება მთავრობის ენერგეტიკული პოლიტიკის სხვა პრიორიტეტებს, ლევან დავითაშვილმა ყურადღება ენერგოეფექტურობის და განახლებადი ენერგიების საკანონმდებლო სრულყოფაზე გაამახვილა, აგრეთვე ნახშირწყალბადების, კერძოდ, ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების ოპერაციების რეგულირების სამართლებრივი ჩარჩოს დახვეწაზე.

მისი თქმით, ასევე გაგრძელდება საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გაზისა და ელექტროენერგიის არმქონე სოფლების გაზიფიცირება და ელექტრიფიცირება. ლევან დავითაშვილის თქმით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში გაზიფიცირების სამუშაოები 600-ზე მეტ დასახლებულ პუნქტში განხორციელდება. საბოლოოდ, 95 პროცენტამდე იქნება შინამეურნეობების წილი, რომელთაც ექნება გაზზე წვდომა.

თავის გამოსვლაში, ლევან დავითაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება ელექტროენერგიის გადამცემი ინფრასტრუქტურის მშენებლობის საკითხს დაუთმო. მისი თქმით, ქვეყანაში გაგრძელდება არსებული მაღალი და საშუალო ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების, მათ შორის, მეზობელ ქვეყნებთან დამაკავშირებელი ხაზების და ქვესადგურების მშენებლობა-რეაბილიტაცია, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის საიმედოობას და გაზრდის საექსპორტო შესაძლებლობებს.

ინფორმაციისთვის, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატს, ლევან დავითაშვილს მოუსმინეს.