თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სამსახურს ნინო ბაგაშვილი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„მინდა წარმოგიდგინოთ ნინო ბაგაშვილი, რომელიც ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს გაუძღვება. ის განათლებით არის საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი. მას განათლება მიღებული აქვს როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში. აქვს მერიის სისტემაში მუშაობის ძალიან კარგი გამოცდილება, განსაკუთრებით ტრანსპორტის მიმართულებით. სააგენტო ახალი ხელმძღვანელის პირობებში გააგრძელებს იმ პოლიტიკის გატარებას, რომელიც მუნიციპალიტეტში ბოლო წლებში დაინერგა“,-განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერმა კიდევ ერთი საკადრო ცვლილების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ირაკლი თავართქილაძემ თანამდებობა დატოვა.
„თბილის მერიის ქონების მართვის სააგენტოს აქამდე ხელმძღვანელობდა ირაკლი თავართქილაძე, მისი მართვის პირობებში, სააგენტომ წარმატებით იმუშავა წლობით გადაუჭრელი პრობლემების მოგვარებაზე, მათ შორის არის საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროექტი, ასევე კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა დაკმაყოფილების საკითხი. პრაქტიკულად, ეს ორივე მიმართულება ბოლოში არის გასული“,- განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერმა განმარტა, რომ ირაკლი თავართქილაძე მუნიციპალურ სერვისში გააგრძელებს საქმიანობას, ხოლო ქონების მართვის სააგენტოს მარიამ კვერნაძე უხელმძღვანელებს.