ეტაპობრივად, 2000-მდე საჯარო სკოლა იქნება ავტორიზებული - განათლების მინისტრობის კანდიდატი

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატის, ალექსანდრე წულაძის განცხადებით, ამ ეტაპზე 2 ათასი საჯარო სკოლიდან ავტორიზაცია 400-ს აქვს გავლილი.

როგორც წულაძემ პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საჯარო სკოლების ავტორიზაციის პროცესი 2030 წლისთვის დასრულდება.

„2030 წლისთვის ყველა საჯარო სკოლის ავტორიზაციის პროცესი დასრულდება. ეს იქნება კიდევ ერთი სისტემური რეფორმა, რომელსაც ბოლომდე მივიყვანთ. დღეს გვაქვს 400 საჯარო სკოლა, რომელმაც ავტორიზაცია გაიარა. ეტაპობრივად, 2000-მდე საჯარო სკოლა იქნება ავტორიზებული“,- განაცხადა წულაძემ.

გარდა ამისა, მინისტრობის კანდიდატმა პროფესიულ განათლებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ 2025 წელს საქართველოში 7 პროფესიული სასწავლებელი გაიხსნება.

„მომავალ წელს 7 კოლეჯს გავხსნით მუნიციპალიტეტებში და ერთს - თბილისში. თბილისში „ექსელენს ცენტრი“ გაიხსნება. დავიწყეთ მშენებლობა, მომავალ წელს ვერ დასრულდება, თუმცა რაიონებში დასრულდება - ბოლნისში, ვალეში, ბათუმში, გურჯაანში, ბორჯომში, ხაშურსა და წყალტუბოში. არსებულ 35 სახელმწიფო კოლეჯთან ერთად ეს მნიშვნელოვნად გააძლიერებს კოლეჯების ხელმისაწვდომობას და დაფარვის არეალს მთელი საქართველოს მასშტაბით. ამავე პროცესის ნაწილი იქნება ინდუსტრიის განმავითარებელი პროექტი. ე.წ. ექსელენს ცენტრი, რომელიც საქართველოში პირველად თბილისში შეიქმნება. აღნიშნული „ექსელენს ცენტრში“, გარდა პროფესიული სწავლებისა უშუალოდ სამშენებლო და ლოჯისტიკური ინდუსტრიის მესვეურებს შეეძლებათ ინდუსტრიისთვის საჭირო ყველა სერვისის, კონსულტაციის მიღება. პროექტში ჩართულები იქნებიან უცხოელი პარტნიორები“,- განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.

სამთავრობო პროგრამით გათვალისწინებულ გეგმებზე საუბრისას, წულაძემ ასევე აღნიშნა, რომ მისი უწყება ონლაინ უნივერსიტეტის კონცეფციას შეიმუშავებს.

„სამინისტრო 2025 წლის განმავლობაში შეიმუშავებს ონლაინ უნივერსიტეტის კონცეფციას, შესაბამის სტანდარტს. პირველად მოხდება ეს. ხელს შევუწყობთ უნივერსიტეტების ჩართვას სხვადასხვა საუნივერსიტეტო ალიანსებსა და ქსელებში. სამყაროში საუნივერსიტეტო ქსელების ეტაპი დგება. გაფართოვდება დარგები, სადაც შესაძლებელი იქნება სამწლიანი საბაკალავრო და ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამების განხორციელება.

სადოქტორო პროგრამებზე ჩარიცხვა განხორციელდება განახლებული სისტემით. უკვე არის დამტკიცებული ავტორიზაციის სტანდარტი - ყველა სადოქტორო პროგრამა შინაარსობრივად და არა მხოლოდ ფორმალურად, განახლებული იქნება“,- განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.