ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ცხელი ხაზი, მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის ცხელ ხაზს შეუერთდა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მოქალაქეებს სააგენტოსთან დაკავშირება გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომრის მეშვეობით შეეძლებათ.
„ეს ნიშნავს იმას, რომ სააგენტოს ექნება „112“-ის მუდმივი, 24-საათიანი მხარდაჭერა და გამოირიცხება ცხელი ხაზის უწყვეტად მუშაობისას ტექნიკური ხარვეზების ალბათობა. იყო გარკვეული პრობლემები ამ მიმართულებით, რაც ძალიან დიდ დისკომფორტს უქმნიდა დედაქალაქის მოსახლეობას. ხშირად გვქონდა ხარვეზები ცხელ ხაზზე. აღნიშნული გადაწყვეტილება გააუმჯობესებს სააგენტოს ოპერატიულობის ხარისხს სამაშველო ღონისძიებებისა და სხვა მყისიერი დახმარების საჭიროების შემთხვევაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ერთიან ბაზაში მოექცევა შეტყობინებების მიღების, საქმის წარმოების, შესრულებისა და ეკიპაჟების გადაადგილების სისტემა, რაც გაზრდის სააგენტოს საქმიანობის ეფექტიანობას.
დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და „112“-ის წარმომადგენლებს თანამშრომლობისთვის.