პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, დავით სონღულაშვილმა სიტყვით გამოსვლისას DCFTA ვალდებულების შესრულების შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის შესაძლებლობების გაძლიერებისათვის აქტიური მუშაობა გაგრძელდება.
„2028 წლისთვის დასრულდება DCFTA ვალდებულებიდან გამომდინარე სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში მოქმედი ეროვნული სტანდარტების ევროკავშირის მოთხოვნებთან დაახლოება. გაგრძელდება აქტიური მუშაობა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის შესაძლებლობების გაძლიერებისათვის, რაც მომხმარებლისათვის უვნებელი სურსათის მიწოდების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, ასევე ხელი გარემოსთან ადაპტირებული, კლიმატგონივრული სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის გავრცელებასა და ბიოწარმოების განვითარებას შეეწყობა.
ინფორმაციისთვის, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატს დავით სონღულაშვილს მოუსმინეს.