მიხეილ სარჯველაძე - რესპუბლიკური საავადმყოფო იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, საუკეთესო ტრადიციებზე დაფუძნებული, უახლესი თანამედროვე კლინიკა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფო იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, საუკეთესო ტრადიციებზე დაფუძნებული, უახლესი, თანამედროვე კლინიკა.

ამის შესახებ მან განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძე ჯანდაცვის სისტემისა და სექტორის განვითარებისთვის დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა რესპუბლიკური საავადმყოფოს კონცეფციაზე. როგორც მან აღნიშნა, მალე ქვეყანას ძლიერი, მაღალტექნოლოგიური, მულტიპროფილური სახელმწიფო კლინიკა ექნება.

„რესპუბლიკური საავადმყოფოს კონცეფცია წარდგენილ იქნა საქართველოს პრემიერ- მინისტრის მხრიდან, არც თუ ისე დიდი ხნის წინ. ვფიქრობ ამას საზოგადოებაში საკმაოდ დიდი და პოზიტიური გამოხმაურება ჰქონდა, მაღალია ინტერესიც და მოლოდინიც ამ მიმართულებით. ვფიქრობთ, ძალიან მალე, არც თუ ისე დიდი ხსნის შემდეგ, ჩვენ გვექნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, საუკეთესო ტრადიციებზე დაფუძნებული, უახლესი თანამედროვე კლინიკა თბილისის ცენტრში“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.