მგზავრთა ნაწილი რეგისტრატორთან მისვლის გარეშე შეძლებს რეისზე დაფიქსირებას ქუთაისის აეროპორტში

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა მომსახურების გაუმჯობესების კუთხით, მაღალ ტექნოლოგიებსა და თანამედროვე სერვისებზე ორიენტირებული მომსახურების დანერგვას განაგრძობს.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის, გაფრენის დარბაზში, მაღალი ტექნოლოგიების სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი, ფრანგული კომპანია RESA ELECTRONIQUE-ის E-gate სისტემა სატესტო რეჟიმში ამოქმედდა.

„E-Gate არის ჩასხდომის ავტომატიზებული სისტემა, რომლითაც შესაძლებელია გაფრენისას მგზავრმა ჩასხდომის ბარათი (Boarding pass) წამკითხველს დაადოს, რის შემდეგაც ტურნიკეტი მისთვის კარს ავტომატურად გახსნის.

ახალი ელექტრონული, ავტომატიზებული სისტემა პირველ ეტაპზე, სატესტო რეჟიმში მუშაობს. ის გააუმჯობესებს და გაამარტივებს მგზავრთა ჩასხდომის პროცესს, შეამცირებს რიგებს და მგზავრთნაკადის სწრაფად გატარებას უზრუნველყოფს, რითაც ქუთაისის აეროპორტის მგზავრისთვის მოგზაურობა კიდევ უფრო კომფორტული გახდება.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მუდმივად ზრუნავს დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სერვისების გაუმჯობესებასა და განვითარებაზე. ფრანგული კომპანია RESA ELECTRONIQUE-ის ავტომატიზებული E-Gate-ის სისტემის საინვესტიციო ღირებულება 200 ათასზე ევროზე მეტს შეადგენს. პირველ ეტაპზე, გაფრენის დარბაზში, საავიაციო უშიშროების შემოწმებამდე, E-Gate-ის სისტემის სამი ერთეული აპარატი დამონტაჟდა, ხოლო აეროპორტში ინფრასტრუქტურული ცვლილებების შემდეგ, ერთად კიდევ ერთი დაემატება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.