Zoom Video Communications-მა სახელი ოფიციალურად შეიცვალა და Zoom Communications გახდა.
როგორც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ერიკ იუანმა Zoom-ის ბლოგზე განაცხად, კომპანია „ადამიანთა კომუნიკაციისთვის ხელოვნური ინტელექტის (AI) პირველ პლატფორმად პოზიციონირებაზე გადადის.
მისივე თქმით, კომპანიის მიზანია, მხოლოდ ვიდეოკომუნიკაციის სერვისს გასცდეს და თანამედროვე სამუშაოსთვის უნივერსალური გადაწყვეტა გახდეს.
ერიკ იუანის განცხადებით, პლატფორმა ჰიბრიდული მუშაობისთვის თანამედროვე გადაწყვეტილებებს წარადგენს, რომელიც ტრადიციულ ვიდეოკონფერენციებს სცილდება. ვიდეოკონფერენციებმა Zoom-ს პოპულარობა კოვიდპანდემიურ 2020 წელს მოუტანა, როცა კომპანიის წლიური შემოსავალი ოთხჯერ გაიზარდა. თუმცა, 2022 წლიდან კოვიდპანდემიურ სერვისებზე, კერძოდ, Zoom-ზე, Netflix-სა და Peloton-ზე მოთხოვნა მკვეთრად შემცირდა, რადგან მუშახელი ოფისებში დაბრუნდა, ხოლო Google-ის, Microsoft-ისა და Slack-ის მხრიდან კონკურენცია გაიზარდა, რომელთა საოფისე პაკეტის ნაწილიც ვიდეო-სერვისია.
კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად Zoom-მა თავისი შესაძლებლობები Zoom Workplace პლატფორმის დანერგვით გააფართოვა. მასში გუნდური ჩატის, ელ.ფოსტის, საოფისე აპლიკაციების, ასევე, Google-ისა და Microsoft-ის სერვისების მსგავსი ფუნქციები შედის.
Zoom-ის ახალ სტრატეგიაში მნიშვნელოვან როლს ხელოვნური ინტელექტი თამაშობს. ოქტომბერში კომპანიამ ინსრუმენტი, Zoom AI Companion 2.0 ჩაუშვა, რომელიც რუტინული ამოცანების ავტომატიზირებას ახდენს, როგორიც არის შეხვედრების შეჯამება და ელ.ფოსტის მართვა. ამ ტექნოლოგიას „ციფრული ორეულის“ შექმნა შეუძლია, რომელიც სამუშაო პროცესს ამარტივებს და სამუშაო კვირას ოთხ დღემდე ამცირებს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ