რუბლი 24%-ზე მეტად გაუფასურდა - წლის ბოლოსთვის დოლარი შესაძლოა 115-120 რუბლი გახდეს

რუსული რუბლი, კურსის ვარდნის დაწყებიდან ანუ აგვისტოს დასაწყისიდან დღემდე 24%-ზე მეტად დაეცა და შესაძლოა კიდევ გაუფასურდეს. ინფორმაციას Reuters ეკონომიკის ანალიტიკოსებზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუბლი ვარდნას რუსეთის ეკონომიკური არასტაბილურობისა და აშშ-ის ახალი სანქციების ფონზე განაგრძობს. კერძოდ, 27 ნოემბრის მდგომარეობით, კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,86%-ით დაეცა და 106,40 რუბლს მიღწია, ხოლო ჩინურ იუანთან მიმართებით 0,51%-ით, 14,74 რუბლამდე გაუფასურდა, რაც 2022 წლის მარტიდან, ანუ უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველი თვის შემდეგ მინიმალური დონეა.

რუბლის შესუსტების მთავარი მიზეზი რუსული საფონდო ბაზრიდან კაპიტალის მნიშვნელოვანი გადინებაა, რომელიც წლის დასაწყისიდან 20%-ზე მეტად შემცირდა. ინვესტორებს სახსრები აქციებიდან დეპოზიტებზე მასიურად გადააქვთ, რომელთა საპროცენტო განაკვეთები რუსეთის ცენტრალური ბანკის რეკორდულ საბაზო განაკვეთს 21%-ს აჭარბებს.

BCS Brokerage-ის ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ გაურკვევლობის გამო სავალუტო ბაზარზე პანიკაა და ინვესტორები ფინანსური ორგანოების რეაქციას ელოდებიან.

რუბლის შესუსტება აძლიერებს ინფლაციას, რომელიც ცენტრალური ბანკის პროგნოზს უკვე აღემატება. ბანკის პროგნოზით, რუბლის ყოველი 10%-იანი გაუფასურება ინფლაციას 0,5%-ით ზრდის, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო ოთხ თვეში რუბლის დაცემამ შესაძლოა, ინფლაცია 1,5%-ით გაზარდოს.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ წლის ბოლომდე კურსი შესაძლოა, დოლარზე 115-120 რუბლამდე დაეცეს. ისინი მოუწოდებენ მთავრობასა და ცენტრალურ ბანკს ზომები მიიღონ, კერძოდ, აიძულონ ექსპორტიორები, მეტი უცხოური ვალუტა გაყიდონ და სახელმწიფო შესყიდვები შეამცირონ.

რუსეთის ფინანსური სექტორის წინააღმდეგ სანქციები, ასევე, მნიშვნელოვან როლს თამაშობს. სანქციებმა საგარეო სავაჭრო ოპერაციები, განსაკუთრებით, ნავთობისა და გაზის სექტორებში გაართულა, რამაც უცხოური ვალუტის დეფიციტი გამოიწვია. ამის მიუხედავად, ნავთობის ფასები სტაბილური რჩება, რაც ექსპორტიორებს სუსტი რუბლიდან მოგების მიღებაში ეხმარება.

რუსული ბიზნესი თავის ბიუჯეტში კურსს უკვე დოლარზე 115-120 რუბლის დონეზე ითვალისწინებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ