მთავრობამ „სარკინიგზო უსაფრთხოების წესი“ დაამტკიცა - რას ითვალისწინებს დადგენილება

მთავრობამ „სარკინიგზო უსაფრთხოების წესი“ დაამტკიცა, რომელიც ძალაში 2025 წლის 1-ელი იანვრიდან შევა.

მთავრობის შესაბამისი დადგენილების თანახმად, ახალი წესი ადგენს უსაფრთხოების მართვის სისტემასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის სუბიექტების უფლება-მოვალეობებსა და პასუხისმგებლობებს, სარკინიგზო უსაფრთხოების ნორმების შემუშავებასა და მართვასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, უსაფრთხოების საერთო მეთოდებს, უსაფრთხოების სერტიფიკატის გაცემის/უსაფრთხოების ავტორიზაციის მინიჭების, მონიტორინგისა და ზედამხედველობის წესებს.

კერძოდ, მუხლი 5. ინფრასტრუქტურის მენეჯერის, სარკინიგზო საწარმოს და სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის სხვა სუბიექტების ვალდებულებებს ეხება და მისი მე-4 ნაწილი ადგენს შემდეგს „სარკინიგზო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით, სარკინიგზო საწარმოს და ინფრასტრუქტურის მენეჯერის მიერ უზრუნველყოფილი უნდა იყოს სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-შენახვა, შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და ექსპლუატაცია, შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტების ან/და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.

ნაწილი მე-5. სარკინიგზო საწარმო და ინფრასტრუქტურის მენეჯერი რკინიგზის სისტემის საკუთარ ნაწილთან მიმართებით, კომპეტენციის ფარგლებში, პასუხისმგებელნი არიან:

ა) სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ტექნიკურ გამართულობასა და უსაფრთხო ექსპლუატაციაზე;

ბ) მოძრავი შემადგენლობის ტექნიკურ გამართულობასა და უსაფრთხო ექსპლუატაციაზე;

გ) სარკინიგზო ინფრასტრუქტურის, სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებების და მათი შემადგენელი კომპონენტების/დეტალების მოვლა-შენახვაზე, შეკეთებასა და ტექნიკურ მომსახურებაზე;

დ) მატარებელთა მოძრაობის, სამანევრო მუშაობის უსაფრთხოებაზე;

ე) ინფრასტრუქტურის ნაგებობებისა და მოწყობილობების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების უსაფრთხო შესრულებაზე;

ვ) უზრუნველყონ დასაქმებულისათვის ყველა საჭირო პირობის შექმნა მათი ფუნქცია-მოვალეობის უსაფრთხოდ განხორციელების მიზნით;

ზ) უზრუნველყონ, რომ სარკინიგზო ინფრასტრუქტურის, სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებების და მათი შემადგენელი კომპონენტების/დეტალების დაპროექტება, მშენებლობა, ექსპლუატაციაში გაშვება, მოდერნიზაცია, განახლება, ხორციელდებოდეს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.

ნაწილი მე-6. სარკინიგზო საწარმოებს შორის სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებების გადაცემის შემთხვევაში, სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალების გადამცემმა სარკინიგზო საწარმომ უნდა უზრუნველყოს სრული ინფორმაციის მიწოდება, რომელიც დაკავშირებულია სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხო ექსპლუატაციასთან და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მიკვლევადობასთან.

ნაწილი მე-7. სარკინიგზო საწარმო და ინფრასტრუქტურის მენეჯერი ვალდებულია, თითოეული სარკინიგზო შემთხვევის ან ინცინდენტის შემთხვევაში:

ა) დაუყოვნებლივ შეატყობინოს აღნიშნულის შესახებ შესაბამის სარკინიგზო საწარმოს ან ინფრასტრუქტურის მენეჯერს;

ბ) სარკინიგზო შემთხვევის/ინცინდენტის დადგომიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა, შეატყობინოს აღნიშნულის შესახებ სააგენტოს ამ წესის IX დანართის შესაბამისად, ხოლო მოძრავი შემადგენლობის, ლიანდაგების, სხვა მოწყობილობების ან გარემოსადმი ზიანის მიყენების შემთხვევაში, მოკვლევის დასრულებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში მიაწოდოს ზიანის ოდენობის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია.

ნაწილი მე - 8. სარკინიგზო საწარმო ვალდებულია, უზრუნველყოს მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვის უსაფრთხოება.

ნაწილი მე - 9. სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე დაშვებისთვის, სარკინიგზო საწარმო ვალდებულია, ფლობდეს ამ წესის შესაბამისად გაცემულ უსაფრთხოების სერტიფიკატს.

ნაწილი მე - 10. უსაფრთხოების სერტიფიკატის მფლობელი ვალდებულია, განახორციელოს მხოლოდ ის საქმიანობა, რომლის სახე/სახეები მითითებულია უსაფრთხოების სერტიფიკატში და მხოლოდ უსაფრთხოების სერტიფიკატით გათვალისწინებული პირობებით.

დადგენილების სრული ტექსტის ნახვა შესაძლებელია ბმულზე.

ნათია ზარიძე