„ბიზნესს გაძვირებულ კრედიტებად დაუჯდება, ხოლო დეპოზიტარებს შემცირებულ საპროცენტო შემოსავლად," - ასე ეხმაურება ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე სებ-ის ახალ გადაწყვეტილებას.
საუბარია, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გუშინდელ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც უცხოური ვალუტის ვალდებულებებზე სარეზერვო ნორმის ზედა ზღვარი 5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
ცნობისთვის, სარეზერვო მოთხოვნების ცვლილებით ეროვნულ ბანკს შეუძლია გავლენა იქონიოს ბანკების მიერ დაკრედიტების მოცულობაზე და საპროცენტო განაკვეთებზე. უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისათვის სარეზერვო მოთხოვნა შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც უცხოური ვალუტით სესხების საპროცენტო განაკვეთებზე ზემოქმედების საშუალება. მაგალითად, სარეზერვო მოთხოვნის ზრდა აძვირებს ბანკებისათვის რესურსის მოზიდვის ხარჯებს, რაც შესაბამისად იწვევს გაცემულ უცხოური ვალუტის სესხებზე საპროცენტო განაკვეთების ზრდასაც.
სებ-ის ცნობითვე, ცვლილებამდე მოქმედი სარეზერვო მოთხოვნები შეადგენს 5%-ს ეროვნული ვალუტით მოზიდულ სახსრებზე და 10%-20%-ს (დამოკიდებულია თითოეული კომერციული ბანკის დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტზე) - უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე.
ეროვნული ბანკის ამ ახალ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომან გოცირიძის „ფეისბუქ“ პოსტს „ბიზნესპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:
„ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე სარეზერვო მოთხოვნა 20 პროცენტიდან 25 პროცენტამდე გაუზარდა. მარტივად რომ ავხსნათ, ეს იმას ნიშნავს, რომ თუ კომერციული ბანკი იშოვის უცხოურ ვალუტას, მისი 25 პროცენტი ეროვნულ ბანკში უნდა გაყინოს, მას სესხად ვერ გასცემს. ამ გაყინული ფულის „შოვნაში” ბანკი პროცენტებს იხდის. ეს მისთვის ხარჯია. ამ ზიანის კომპენსირებას იგი გაუყინავი ფულის გასესხებისას პროცენტის ზრდით იკომპენსირებს.
ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ დარეზერვების ნორმის ზრდა მოახდინა დოლარებში სესხის გაცემის შესაზღუდად, ანუ მიზანი აკვიატებული ე.წ. ლარიზაციის ხვედრითი წილის გაზრდაა, ანუ დოლარიზაციის შემცირება. ლარის გაუფასურების მოსალოდნელი საფრთხის პირობებში ეს გადაწყვეტილება არის არასწორი.
სინამდვილეში, ეს გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა იმიტომ მიიღო, რომ რეზერვების მოცულობამ ოქტომბერში მკვეთრად იკლო, ამ გზით კი შესაძლებელია მისი გაზრდა დაახლოებით 300-350 მილიონი დოლარის ოდენობით.
ამ მეთოდით რეზერვების ზრდა ფიქტიურია. ამ სახით ფორმირებული რეზერვები წმინდა რეზერვები არ არის, იგი მხოლოდ ქაღალდზე ალამაზებს სურათს. ეს ფული ეროვნული ბანკის ვალია კომერციული ბანკების მიმართ.
პარადოქსი ის არის, რომ გასული წლის ნოემბერში ეროვნულმა ბანკმა 25 პროცენტის ნაცვლად 20 პროცენტამდე დასწია აღნიშნული ნორმატივი და ამით თავი მოიწონა, რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარს გამოვათავისუფლებთ საკრედიტო რესურსების სახით, რითაც ეკონომიკის სტიმულირებასაც მოვახდენთ და სესხზე პროცენტის დაწევასაც შევუწყობთ ხელსო. ამ გადაწყვეტილებას მყისვე გამოეხმაურა მლიქვნელობით განთქმული საქართველოს ბიზნესასოციაციის თავმჯდომარე და მადლობა გადაუხადა ეროვნულ ბანკს ამ ბრძნული გადაწყვეტილების მიღების გამო. ახლა, როცა საპირისპირო რამ მოხდა, პოლიტმლიქვნელებით გატენილი ბიზნესასოციაცია დუმს.
რეზერვების კრიტიკულ ნიშნულზე დაბლა შემცირების მიზეზი კი ყველამ კარგად ვიცით. ეს „ქართული ოცნების” უპასუხისმგებლო, ანტიდასავლური და პრორუსული საარჩევნო კამპანიით იყო გამოწვეული. მისი ნაწილობრივ აღდგენის მცდელობა ბიზნესს გაძვირებულ კრედიტებად დაუჯდება, ხოლო დეპოზიტარებს შემცირებულ საპროცენტო შემოსავლად," - წერს რომან გოცირიძე.