„სტრადა ჯგუფი“ და „გრადა ჯგუფი“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გაწევრიანდნენ

„სტრადა ჯგუფი“, რომელიც ავტობიზნესში მოღვაწეობის მე-15 წელს ითვლის, საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრი გახდა.

როგორც ბიზნესასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, „სტრადა ჯგუფი“ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი, საიმედო და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებული ჯგუფია, რომელიც ექვს საავტომობილო ბრენდს წარმოადგენს და მათი ოფიციალური დილერია საქართველოს ტერიტორიაზე.

მათივე ინფორმაციით, FIAT, Alfa Romeo, Jeep, Dodge, RAM და Chevrolet, თითოეული ავტობრენდი უნიკალური ხასიათის, ღირებული ისტორიის და ტრადიციების მატარებელია.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კომპანიამ წელს ახალი სერვისის მშენებლობა დაასრულა და საქართველოში კიდევ ერთი პოპულარული, ამერიკული, საერთაშორისო ბრენდის Chevrolet-ს ოფიციალური ცენტრი გახსნა.

„ახალი სერვის ცენტრი 1500 კვ.მ ფართობზეა წარმოდგენილი, რომელიც FCA ჯგუფის (FIAT, Jeep, Alfa Romeo, Dodge, RAM ბრენდების მწარმოებელი ქარხნის) თანამედროვე სტანდარტებით და უახლესი დიზაინით მოწყობილ სხვადასხვა სივრცეს აერთიანებს. დღევანდელი მონაცემებით ფიზიკურ პირებში განსაკუთრებულად მოთხოვნადია FIAT 500, Alfa Romeo Stelvio, Jeep Grand Cherokee, Jeep Wrangler, Chevrolet Tracker ხოლო კომერციული მიმართულებით FIAT Tipo, Doblo და Ducato“, - აცხადებენ კომპანიაში.

2025 წლისთვის დაგეგმილია სრულიად ახალი მულტიბრენდული სალონის გახსნა, რომელიც ეფუძნება Shop in Shop პრინციპს, სადაც ყველა ბრენდს თავისი გამოყოფილი სახასიათო სივრცე ექნება, რომელიც ქარხნის უახლეს სტანდარტებს პასუხობს.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, „სტრადა ჯგუფთან“ ერთად საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრი „გრადა ჯგუფი“ გახდა, რომელიც სამშენებლო და განვითარების სფეროში წარმატებულ ბიზნეს-კონსოლიდაციას წარმოადგენს.

„გრადა ჯგუფი“ აერთიანებს სამ ძლიერ კომპანიას: "გრადა დეველოპმენტი", "გრადა ქონსთრაქშენი" და კომპანია „ნიუ ფორსი“. ასევე, „გრადა ჯგუფმა“ ახლახან დააფუძნა შპს „კვაზარი“, რომლის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს განახლებადი ენერგიის განვითარება. თითოეული მათგანი საკუთარ მიმართულებაში ლიდერია და ქმნის ინოვაციური, მაღალი ხარისხის და მომხმარებელზე ორიენტირებულ პროდუქტებსა და მომსახურებებს.

„გრადა ჯგუფი“ მუდმივად ისწრაფვის ახალი სტანდარტების დანერგვისკენ როგორც საცხოვრებელი, ასევე კომერციული ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ჯგუფი მომხმარებელს სთავაზობს ხარისხზე, კომფორტსა და ინოვაციებზე დაფუძნებულ პროდუქტებს, რომლებიც უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს.

„მივესალმებით „სტრადა ჯგუფის“ და „გრადა ჯგუფს“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში. ამ ორ კომპანიას ჰყავს საერთო დამფუძნებლები და მოხარულნი ვართ, რომ მათ მიიღეს BAG-ში გაწევრიანების გადაწყვეტილება, რადგან ორივე კომპანია მსხვილ ინვესტიციას წარმოადგენს, რაც პოზიტიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე. სწორედ ასეთი მსხვილი მოთამაშეები, კიდევ უფრო აძლიერებენ საქართველოს ბიზნეს ასოციაციას და მიგვაჩნია, რომ ჩვენი თანამშრომლობა სასარგებლო იქნება როგორც ბიზნესსექტორის ინტერესების დაცვის საქმეში, ასევე ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის“, - განაცხადა საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.