დღეს ბიუჯეტში ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით შემაჯამებელი სხდომა გაიმართება

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით დღეს შემაჯამებელ სხდომას გამართავს.

ამის შემდეგ საბიუჯეტო ცვლილებები მთავრობას პარლამენტში გამოთქმული შენიშვნებითა და წინადადებებით უკან დაუბრუნდება. სახელმწიფო ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე პარლამენტს ეროვნული ბანკისა და გენერალური აუდიტორის დასკვნები უკვე წარედგინა. 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში იცვლება მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, რომელიც 5%-დან 2%-მდე ჩამოდის.  საბიუჯეტო შემოსულობებთან დაკავშირებით იცვლება ის, რომ საგადასახადო შემოსავლების გეგმა მცირდება 200 მლნ ლარით, თუმცა იზრდება სხვა წყაროებიდან მიღებული სახსრები. დონორებთან გაწეული მოლაპარაკებების შედეგად საბიუჯეტო დახმარების სახით მიღებული გრანტები იზრდება 40,0 მლნ ლარით, ხოლო კრედიტები იზრდება 184,0 მლნ ლარით.

"სულ დამატებით 224,0 მლნ ლარს მივიღებთ. მობილური ოპერატორების მიერ მეოთხე თაობის ლიცენზიის შეძენისათვის გადახდილი სახსრებით დამატებით მობილიზებული იქნება 150,0 მლნ ლარი; სხვა შემოსავლები იზრდება 20,0 მლნ ლარით; სახაზინო ვალდებულებების (შიდა ვალი) აღება მცირდება 100,0 მლნ ლარით; ასევე საბიუჯეტო დეფიციტის დაბალ ნიშნულზე შენარჩუნების მიზნით, კონკრეტული პროექტების დასაფინანსებლად გამოყოფილი რესურსი მცირდება 67,0 მლნ ლარით. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ბიუჯეტის შემოსულობები, არსებულ გეგმასთან შედარებით დაახლოებით 27,0 მლნ ლარით გაიზრდება", - განმარტავს ფინანსთა სამინისტრო.

რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი ცვილებები გულისხმობს მხარჯავი დაწესებულების ასიგნებების შემცირებას 140 მლნ ლარამდე, მათ შორის საბიუჯეტო სახსრების ფარგლებში სამინისტროების ასიგნებები მცირდება დაახლოებით 70 მლნ ლარით, ხოლო დონორების დაფინანსებული პროექტების ნაწილში ასევე 70 მლნ ლარამდე.

საბიუჯეტო სახსრების ნაწილში მცირდება: შინაგან საქმეთა სამინისტროს ასიგნებები - 10,0 მლნ ლარით; თავდაცვის სამინისტრო - 5,0 მლნ ლარით; განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ასიგნებები - 12,0 მლნ ლარით; პარლამენტი - 6,0 მლნ ლარით; ფინანსთა სამინისტრო - 7,0 მლნ ლარით; სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 8,0 მლნ ლარით; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო - 3.5 მლნ ლარით; გარემოს დაცვის სამინისტრო - 2,0 მლნ ლარით; სხვა დანარჩენი მხარჯავი დაწესებულებები ჯამში დაახლოებით 17,0 მლნ ლარით.

აქვე ფინანსთა სამინისტრო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სოციალურ ხარჯებს კორექტირება არ შეეხება. დონორების დაფინანსებული პროექტების ნაწილში მცირდება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ასიგნებები. მხარჯავი დაწესებულებების ასიგნებებში გამოთავისუფლებული რესურსი მიიმართება ბიუჯეტით გათვალისწინებულ ფონდებში (85, 0 მლნ ლარი), რათა მოხდეს გამოთავისუფლებული რესურსით სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება.

ასევე იზრდება საგარეო ვალის მომსახურებისა და დაფარვისათვის გათვალისწინებული ასიგნებები (53,0 მლნ ლარი). "ზემოაღნიშნული ცვლილებებიდან გამომდინარე ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამში დარჩება უცვლელი. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ შემოსულობები იქნება 27,0 მლნ ლარით მეტი, აღნიშნული თანხა დამატებით დაგროვდება ბიუჯეტის ანგარიშზე (300,0 მლნ ლარის ნაცვლად დავაგროვებთ 327,0 მლნ ლარს)", - აცხადებენ ნოდარ ხადურის უწყებაში.