ენერგეტიკა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის - გვინდა, რომ 2030 წლისთვის ელექტროენერგიის თვალსაზრისით, სრულად თვითკმარი და დამოუკიდებელი ქვეყანა გავხდეთ, რაც საშუალოვადიან პერსპექტივაში აბსოლუტურად მიღწევადია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი შეფასებით, 2012 წლის შემდეგ საქართველოში მთლიანობაში 63 ჰიდროელექტროსადგური, 2 თბოელექტროსადგური, 1 ქარის ელექტროსადგური აშენდა.
„ელექტროენერგიის გამომუშავება საქართველოში 2012 წელს შეადგენდა 3359 მეგავატს და 2024 წლისთვის ეს მაჩვენებელი 4600 მეგავატი იქნება. 2028 წლისთვის ჩვენი მიზანია, ამ მაჩვენებელმა გადააჭარბოს 8000 მეგავატს, ხოლო 2030 წელს 10 ათას მეგავატს და ამის შემდეგ ჩვენ უკვე გავხდებით სრულად თვითკმარი, დამოუკიდებელი ქვეყანა ელექტროენერგიის გამომუშავების თვალსაზრისით. ჩვენ აღარ დაგვჭირდება ელექტროენერგიის იმპორტირება. ჩვენი ელექტროენერგიის გამომუშავება არა მხოლოდ უნდა დაეწიოს ეკონომიკის განვითარებას, არამედ უნდა გაუსწროს და გავხდეთ სრულად თვითკმარი ქვეყანა ამ თვალსაზრისით“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.