აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მექსიკის პრეზიდენტი, კლაუდია შეინბაუმი მას მექსიკის გავლით აშშ-ში მიგრაციის შეჩერებას დაჰპირდა. ამის შესახებ ტრამპი თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ზე წერს.
კერძოდ, მისი თქმით, ახლახან „შესანიშნავი სატელეფონო საუბარი” ჰქონდა მექსიკის ახალ პრეზიდენტთან კლაუდია შეინბაუმთან, რომელიც დათანხმდა, მექსიკის გავლით შეერთებულ შტატებში მიგრაცია შეაჩეროს და „სამხრეთ საზღვარი, ფაქტობრივად, დაკეტოს”.
ტრამპი დასძენს, რომ მექსიკა „აშშ-ის სამხრეთ საზღვრისკენ ხალხს აღარ გაატარებს,“ რა ზომაც „დაუყოვნებლივ ამოქმედდება”.
თავად კლაუდია შეინბაუმი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, რომ ამჟამად ბევრი მიგრანტი აშშ-ის საზღვართან აღარ ჩადის და მექსიკაში რჩება, რაც მან ტრამპს აცნობა.
„პრეზიდენტ ტრამპთან საუბრისას კომპლექსურ სტრატეგიაზე ვისაუბრე, რომელსაც მექსიკა ადამიანის უფლებების დაცვით მიგრაციის პრობლემის მოსაგვარებლად იყენებს. ამ სტრატეგიის შედეგად მიგრანტები და ქარავნები საჭირო დახმარებას ჯერ კიდევ აშშ-ის საზღვართან მიახლოვებამდე იღებენ. მექსიკის პოზიცია საზღვრების დახურვა კი არა, მთავრობებსა და ხალხებს შორის ხიდების აგებაა,“ - წერს მექსიკის პრეზიდენტი.
ცნობისთვის, ტრამპმა და შეინბაუმმა ტელეფონით მას შემდეგ ისაუბრეს, რაც აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ადმინისტრაციის პირველივე დღიდან მექსიკიდან, კანადიდან და ჩინეთიდან შესულ საქონელზე არალეგალური მიგრაციისა და ნარკოტიკების კონტრაბანდის გამო ტარიფების 25%-იანი ზრდის პირობა დადო. ტრამპმა დაამატა, რომ ათასობით ადამიანი ამერიკაში მექსიკისა და კანადის გავლით ჩადის, რაც დანაშაულისა და ნარკომანიის უპრეცედენტო დონეს იწვევს. მან დააანონსა, რომ ყველა საჭირო დოკუმენტს 20 იანვარს, ინაუგურაციის დღესვე მოაწერს ხელს. თავის მხრივ, მექსიკის ხელისუფლებამ ტრამპს უპასუხა, რომ სარკისებურად იმოქმედებს და სავაჭრო ომის შედეგები აშშ-ის ეკონომიკაზე ნეგატიურად აისახება.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ