რომ გახდე ევროკავშირის წევრი, შესაძლოა, მოგიწიოს უვიზო რეჟიმის გაუქმება არაერთი ქვეყნისთვის, [არამარტო ჩინეთთან], რაც გამოიწვევს რამდენიმე მილიონით ტურისტების შემცირებას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში ქვეყნის გადასადგმელ მოსალოდნელ ნაბიჯებზე საუბრობს.
მისივე თქმით, ევროკავშირსაც აქვს საქართველოსთვის დასამტკიცებელი, რომ მისი მიზანია ქვეყნისა და მოსახლეობის კეთილდღეობა.
„ევროკავშირში გაწევრიანება არის ჩვენი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი. ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი - 2030 წელს გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა და რა თქმა უნდა, ამისთვის მოგვიწევს კონკრეტული პირობების შესრულება. რა თქმა უნდა, ერთის მხრივ ჩვენც გვაქვს დასამტკიცებელი ევროკავშირთან, თუ გვინდა გაწევრიანება, მაგრამ ევროკავშირსაც აქვს დასამტკიცებელი ჩვენთან, რომ მისი მიზანია ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის კეთილდღეობა; მისი მიზანია გაუფრთხილდეს ჩვენს ტრადიციულ ფასეულობებს; მისი მიზანია შევინარჩუნოთ ამ ქვეყანაში მშვიდობა. ერთმანეთს უნდა დავუმტკიცოთ ჩვენ, რომ გვინდა ერთმანეთისთვის სიკეთე. ეს არის მთავარი ამოსავალი წერტილი. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაუქმება თუ მოხდება, ეს არის სერიოზული დარტყმა ეკონომიკაზე. მაგრამ დღეს ამაზე სასაუბროდ არ ვართ მოსული, გვაქვს პროგრამა და ჩვენი ამოცანაა ამ პროგრამის შესრულება. ჩვენ გვაქვს 6 - წლიანი მიზანი. ხვალ რომ რაღაც მოხდეს, შეიძლება ამან გარკვეული კატაკლიზმები გამოიწვიოს, მაგრამ ამიტომ გვაქვს 6-წლიანი მიზანი, რომ მანამდე ჩვენმა ეკონომიკამ ადაპტაცია მოახდინოს. მარტივ რამეზეა საუბარი - რომ გახდე ევროკავშირის წევრი, შესაძლოა, მოგიწიოს უვიზო რეჟიმის გაუქმება არაერთი ქვეყნისთვის, [არამარტო ჩინეთთან], რაც გამოიწვევს რამდენიმე მილიონით ტურისტების შემცირებას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველო „დღეს რომ ევროკავშირის წევრი გახდეს, თავისუფალი ვაჭრობის რამდენიმე ხელშეკრულების გაუქმება მოგვიწევს“.
„ევროკავშირის წევრი დღეს რომ გავხდეთ, იცით, თავისუფალი ვაჭრობის რამდენი ხელშეკრულების გაუქმება მოგვიწევს, რომელიც სხვადასხვა ქვეყანასთან გვაქვს? იცით, რამდენ ქვეყანასთან მოგვიწევს უვიზო მიმოსვლის გაუქმება? - ერთ მხარს დგას ევროკავშირთან ინტეგრაცია, მეორე მხარეს ბევრ ქვეყანასთან დეზინტეგრაცია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.